“საერთაშორისო გამოხმაურება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო, რა თქმა უნდა, გაცილებით გაიზარდა. მათთვის ახლა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, უილიამ ბრაუდერის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი საპასუხო წერილს გამოეხმაურა.
დეკანოიძის თქმით, „მაგნიტსკის სიაში“ უნდა იყვნენ იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები და სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სხვა პირები.
„რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ საუბარი დავიწყეთ იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, უნდა იყოს ისეთ სიაში, როგორიცაა „მაგნიტსკის სიაა“. ამის შემდეგ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად ვითანამშრომლეთ. საერთაშორისო გამოხმაურება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო, რა თქმა უნდა, გაცილებით გაიზარდა. მათთვის ახლა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.
უილიამ ბრაუდერის განცხადება გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, ცნობილი იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩემი წარმოდგენით, ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირია, მიხეილ სააკაშვილს არაადამიანურად მოეპყრნენ პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნებიც. სიაში უნდა იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში არიან ჩართულები, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობას.
ბრაუდერის განცხადებას ძალიან ნიშანდობლივად მივიჩნევ, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც „მაგნიტსკის სიის“ არა მხოლოდ ავტორი, არამედ მთელი კამპანიის ფუძემდებელია“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი სასამართლოსგან მოლოდინი არ აქვს, რადგან სასამართლო პროცესები მთლიან პოლიტიზირებულია.
„მე ამ სასამართლოსგან მოლოდინი მაინც არ მაქვს, რადგან ეს მთლიანად პოლიტიკური სასამართლოა. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამავე თემაზე: