სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ, „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია კიდევ ერთხელ ეხმიანება.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, „სუსში კრეატიული კრიზისია“.
„ზოგადად, ვაჟას [ვაჟა-ფშაველას გამზირი] ბოლოდან ვაშინგტონთან ბრძოლა სასაცილოდ გამოიყურება. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტრაგიკომედია, რომ ბრძოლა ამერიკასთან გვაქვს გამოცხადებული, ვერ გეტყვით. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ იმისთვის, ვისაც ასეთი ჭკვიანური იდეები თავში მოსდის, ეს წესით, კარგად არ უნდა დამთავრდეს.
ზოგადად მგონია, რომ სუს-ში ცოტა კრეატიული კრიზისია და მაგათ ვინმე მწერალი ან პოეტი უნდა აიყვანონ შტატში, რომ სცენარები უკეთესად და დამაჯერებლად იყოს მოფიქრებული. მწერლებს ასეთი ნიჭი გააჩნიათ, ბიუროკრატებს ცოტა უჭირთ,“ – თქვა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
უწყების ცნობითვე, აღნიშნული პირები აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას.
ამავე თემაზე: