“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის განცხადება ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით რუსეთის წახალისებაა.
“ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური, არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისება.
ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება… ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა.
ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის”, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.