LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატივს ვცემთ ავღანელი ხალხის უფლებას – გადაწყვიტოს საკუთარი ბედი: ჩინეთი მზად არის “თალიბანთან” მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარება განაგრძოს

122
Untitled design

“ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას – გადაწყვიტოს საკუთარი ბედი და მომავალი და მზად არის, ქვეყანასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარება განაგრძოს”, – ჩინეთის პოლიტიკური პოზიცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნინგმა გაახმოვანა და იმედი გამოთქვა, რომ “თალიბანი” შეასრულებს პირობას – ინკლუზიური მმართველობის შექმნის შესახებ.

ჰუას განცხადებითვე, ჩინეთი შეასრულებს კონსტრუქციულ როლს ავღანეთში მშვიდობისა და აღმშენებლობისთვის:

“ჩინეთი იმედოვნებს, რომ “თალიბანს” შეუძლია შეასრულოს თავისი ვალდებულებები და უზრუნველყოს ძალაუფლების შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაბარება. იმედს გამოვთქვამთ, რომ “თალიბანი” პასუხისმგებლობით იმოქმედებს ავღანეთის  მოქალაქეებისა და უცხოური მისიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – თქვა საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

ავღანეთში არსებულ ვითარებაზე საუბრის დროს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თქვა, რომ ახლა ზავი არის ერთდროულად 30 მილიონზე მეტი ავღანელი ადამიანის ერთსულოვანი ხმა და საერთაშორისო საზოგადოების და რეგიონის ქვეყნების საერთო მოლოდინი, 40 წლიანი ომის შემდეგ.

მისი განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის ასრულებდა კონსტრუქციულ როლს ავღანეთის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობაში და ინარჩუნებდა კომუნიკაციას “თალიბანთან” და სხვა მხარეებთან, ავღანეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის სრული პატივისცემისა და სხვადასხვა ფრაქციის სურვილების საფუძველზე.

შეგახსენებთ, ავღანეთის თითქმის ყველა საკვანძო ქალაქის დაკავების შემდეგ, თალიბები პირობას დებენ, რომ შექმნიან ინკლუზიურ მთავრობას, რომელიც მთელს ქვეყანას წარმოადგენს.

გუშინ “დაჯგუფების” ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ გარდამავალი პროცესი დასრულდება უსაფრთხოდ და არავის სიცოცხლეს, ქონებას და ღირსებას საფრთხე არ შეექმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები