„მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი“ – ასე ეხმაურება პოლონეთის საელჩო საქართველოში კლინიკა „ვივა მედში“ პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტს.
როგორც საელჩოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის სამინისტროს მიერ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გავრცელება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.
„ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ საზოგადოების მოტყუებისგან.. პოლონელმა ექიმმა თავად დაადასტურა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი“ – რატი ბრეგაძე
„ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები“
ამასთან, განცხადების თანახმად, პოლონური მხარე იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა უცვლელად გაგრძელდება.
„თბილისში, ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.
ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციარული სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.
პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.
პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას.