LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: არ მგონია, რუსეთი ახლა საქართველოში შემოიჭრას, მაგრამ შეიძლება დროის რაღაც მომენტში ცდუნება გაუჩნდეს, ქულები დაიწეროს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ

43
სალომე ზურაბიშვილი

უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთის ქმედებებსა და მომდინარე საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა საქართველოზე აისახოს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა BBC-ს გადაცემაში „ჰარდთოქი“.

პრეზიდენტთან ინტერვიუს თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.

წამყვანის ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, კერძოდ, „სურს თუ არა რუსეთს საქართველოს შთანთქმა“, რაზედაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „რუსეთს ყოველთვის სურდა საქართველოს შთანთქმა“.

„ეს იყო რუსეთის იმპერიის დიდი ხნის ოცნება, შემდეგ საბჭოთა კავშირის, რომელმაც 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველო, ფაქტობრივად, საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა.

1992-1993 წლებში ხალხმა არ იცოდა, მაგრამ რუსეთი სრულად იყო ჩართული სეპარატისტების ბრძოლაში საქართველოს წინააღმდეგ, ის აქტიურად და სამხედრო გზით იყო ჩართული. 2008 წელი კი ამ მცდელობის უკანასკნელი მაგალითი გახლდათ. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და ასე გვიწევს ცხოვრება უკვე დიდი ხანია.

საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა იმპერიის შემოჭრის პირობებში და ყველა მათგანს წინააღდმეგობას უწევდა. შეიძლება, ეს სასწაულია ან საქართველოს მედეგობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა შეკითხვას, არსებობს თუ არა რუსეთის საქართველოში შეჭრის შესაძლებლობა ახლა:

„არ მგონია, ასე არ ვფიქრობ. საქართველოს არ ჰყავს უკრაინის მსგავსი არმია, არ აქვს იმხელა ტერიტორია და სამხედრო რესურსები, რაც უკრაინას. ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთში მსგავსი ოკუპაციის მიმართ ინდივიდუალურად ქართველების წინააღმდეგობის გაწევის უნარი იციან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის დამცირებას, ფაქტს, რომ აგებს ამ ომს, ბევრი გაგებით. მან ბევრი არასწორი გათვლა გააკეთა და შეიძლება, დროის რაღაც მომენტში, შიდა მიზეზებით, რუსეთს გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, სადაც ის უფრო იოლია.

ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მაგრამ, ამავე დროს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს ჩვენ ქმედებებზე, ჩვენს სიტყვებსა და ევროპულ ორიენტაციაზე. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ ვერავინ და არასდროს შეძლებს რუსეთის შეჩერებას ამ ცდუნებისგან, თუ რუსეთი იფიქრებს, რომ დროის იმ მომენტში, ეს მის საუკეთესო ინტერესებშია. მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ მათ საქმეს არ გავუადვილებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი: ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და ხალხს – პოლონეთი ევროპის გულია, ეს არავინ უნდა დაივიწყოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები