„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „იმედის” ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ქართული მხარე რუსეთის მიმართ სანქციებს არ აწესებს.
„ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ. მიზეზი მარტივია – რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას. ჩვენ დათვლილი გვაქვს, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგალითად ჩვენ თუ გვქონდა შარშან 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა მინიმუმ 10%-18% ეკონომიკური ვარდნა, ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება და ამას ვერ მიაღწიეს, რადგან ჩვენ მტკიცე პოზიცია დავიჭირეთ. დღეს თუ ეს „ქართული ოცნებისთვის“ არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა „ქართული ოცნება“ დასაჯა.
მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა „ქართული ოცნება“, დღეს დააჯილდოვა – სად არის აქ ლოგიკა? რეალობა არის ერთი – ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გამოხატულებაც არის დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ.
რატომ უნდა გადაიხადონ ჩვენმა მოქალაქეებმა სამჯერ ძვირი მგზავრობაში, რატომ უნდა მოუწიოთ სხვა ქვეყნებით ჩამოსვლა, რაც მათ აბრკოლებს?! ჩვენ კონსტიტუციური ვალდებულება გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. ჩვენ კონსტიტუცია გვაკისრებს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ამ ადამიანების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე. რატომ უნდა დავუწესოთ ჩვენ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს, ეს გაუგებარია“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.
პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა