„ქართული ოცნებისგან“ განდგომილი არანაირი 9 დეპუტატი არ არსებობს, არსებობს აღზევებული 9 დეპუტატი, რომლებსაც უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ ლიდერების ჭეშმარიტი აზრების გამხმოვანებლები არიან.
“ქართული ოცნებისგან“ განდგომილი არანაირი ცხრა დეპუტატი არ არსებობს, არსებობს აღზევებული ცხრა დეპუტატი. რატომ? ამ ცხრას უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია, რომ მათი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მოსაზრებები მსოფლიოზე, პირდაპირ და უცვლელად გაახმოვანოს. ამით „ქართულ ოცნებაში“ ფორმალურად დარჩენილი დეპუტატების ერთი ნაწილი საშინლად უკმაყოფილოა, რადგან თავადაც დაიღალნენ მოგუდული საუბრით, უცხოეთში რომ რაღაცები არ ეწყინოთ, სხვანაირად უნდა ისაუბრონ, მაგრამ მე ვიცნობ ძალიან ბევრს უმრავლესობაში, ვინც არანაკლებ წუხს ამ ყველაფრით, ვიდრე სხვები.
რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა, ეს ცხრა აღეზევებინა და ამ თამაშებს მიყვება? – ცხონებული რეზო გაბრიაძე ამაზე უკეთ გაგვცემდა პასუხს. ვისაც ქართული პოლიტიკის ნიუანსები აინტერესებს, უსმინოს ამ ცხრას, ესენი არიან „ქართული ოცნების“ ლიდერების ჭეშმარიტი აზრების გამხმოვანებელი ადამიანები. ამას არც დარჩენილი უმრავლესობა უარყოფს. ამბობენ, რომ ფორმაშია განსხვავება, თორემ შინაარსსა და პრინციპებში ერთნი ვართო. რეზო გაბრიაძის თეატრის ცუდი შესრულება აქვთ – უნდა დავიჯეროთ, რომ ვიღაცამ წუხელ დაიძინა, დილით გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ სხვაგან უნდა ყოფნა”, – განაცხადა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ხუთმა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, დაჩი ბერაიამ და ზაალ მიქელაძემ დატოვეს.
ცნობილია, რომ მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები მოძრაობა “ხალხის ძალას” შეურთდნენ.
ამავე თემაზე:
კობახიძე: ღირებულებით ნაწილში “ქართულ ოცნებასა” და “ხალხის ძალას” შორის არსებითი განსხვავება არ არის