LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ამბობს უარს სამსახიობო კარიერაზე ნატალია ყიფშიძე: „არსებობს რაღაცები, რაც არასდროს გამიკეთებია, რადგან არ მინდოდა, ჩემი ოჯახი ცუდად გამოჩენილიყო…“

759
ნატალია ყიფშიძე

ნატალია ყიფშიძე პოპულარული ოჯახის წარმომადგენელია და მიუხედავად იმისა, რომ მამა და ბაბუა ცნობილი მსახიობები არიან, თავად ეს კარიერა არ სურს. დედა, კრისტი ყიფშიძეც კი გააკვირვა, როდესაც უთხრა, რომ რეჟისორობა სურს, თუმცა მშობლები ყოველთვის გვერდით უდგანან… ამჟამად სერიალში მონაწილეობს, თუმცა ეს, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ გამოცდილებისთვის სჭირდება…

ნატალია მიიჩნევს, რომ პოპულარობას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და fortuna.ge-სთან ინტერვიუში ამ და სხვა თემებზე გულწრფელად საუბრობს.

ნატალია ყიფშიძე: 

ზოგადად, მიყვარს, როცა ვიცი, რას როდის ვაკეთებ. დავამთავრე უნივერსიტეტი, მაგრამ სცენარისტების სკოლაში ვსწავლობ, დრო მაქვს გადანაწილებული სწავლასა და სხვა საქმიანობას შორის, მათ შორის კონტენტ კრეატორობა ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელსაც საკმაო დროს ვუთმობ. ის, რაც ჩემი საბოლოო მიზანია, დიდ შრომას მოითხოვს და ამას ვაჩვევ ჩემს ორგანიზმს. ჩემი მიზანია, ვიყო რეჟისორი. 22 წლის ვარ და ამ ასაკში ჩემს თავს რეჟისორს ნამდვილად ვერ დავუძახებ. მთელი ცხოვრებაა ვწერ და სცენარისტების სკოლაში ამიტომ ჩავაბარე, სანამ რეჟისორი ვიქნები, მინდა, ყველა მიმართულება გამოვცადო და ყველა პოზიცია მოვირგო, რომ მომავალში უფრო კარგი რეჟისორი ვიყო. ახლა ამას ვაკეთებ, მაგალითად, სამსახიობო გამოცდილების მიღების კუთხით.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by NATALIA KIPSHIDZE (@nataliakipshidze)

როგორც ვხვდები, საბოლოო მიზანი მსახიობობა ნამდვილად არ არის…

ნამდვილად არა, მაგრამ ვსწავლობ, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რეჟისორს მსახიობებთან. ძალიან კარგი რეჟისორი მყავს, სოსო ბლიაძე. ხშირად მქონია მომენტები, როდესაც პირადი პრობლემების გამო არ შემეძლო ჩემი მაქსიმუმის გაკეთება, სოსოს ისე უსაუბრია და ისე გამოვუყვანივარ მდგომარეობიდან, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი მსახიობებთან სწორი კომუნიკაციის.

შენს ოჯახში მაღალი კლასის მსახიობები არიან, მაგრამ შენ მაინც რეჟისორობა გადაწყვიტე. გარკვეული კომპლექსი ხომ არ არის, რომ მსახიობის გზას არ ირჩევ?

ოჯახის წევრები დაბადების წამიდან ყველგან დამატარებენ, თეატრი იქნება თუ გადასაღები მოედანი. მეც სულ მქონდა განცდა, რომ მინდოდა მომერგო სხვადასხვა პერსონაჟის კანი. ოღონდ გადასაღებ მოედანზე ვეტარებინე და მეტი არაფერი მინდოდა. ასევე, ბავშვობიდან ვწერდი და საბოლოო ჯამში, ავდექი და გადავწყვიტე, რომ თეატრალურის მაგივრად ჩამებარებინა ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე, უფრო წერის მიმართულებით. აქ აღმოვჩნდი ფროდაქშენის კურსზე, სადაც გავაცნობიერე, რომ გადაღების მოედანი იყო ის ადგილი, რაზეც ვაფანატებდი და არა იმაზე, რომ ჩემთვის გადაეღოთ…

სერიალში მსახიობის ამპლუა მოვირგე და ხალხისგან დიდი კრიტიკა შემხვდა. მე რომ ვყოფილიყავი პროფესიით მსახიობი, რომლის ოჯახიც არ არის სამსახიობო კუთხით ცნობილი, საერთოდ სხვანაირი რეაქცია ექნებოდათ. ვიცოდი, რომ ასეთი კრიტიკა იქნებოდა და გარკვეულწილად, ეს იყო მსახიობობაზე უარის თქმის მიზეზი. სერიალში გამოვცადე ჩემი თავი, ამ მომენტში ძალიან კარგია ამით გართობა და გამოცდილების მიღება, მაგრამ არ მოვიტყუები, სამსახიობო კარიერა არ მინდა, მინდა რეჟისორისა და მწერლის კარიერა.

ნატალია ყიფშიძე: „დედაც და მამაც ყოველთვის მიზიარებენ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას… ერთი ადამიანი დარჩა ჩემი ოჯახიდან, ვისგანაც სერიალზე შეფასება არ მიმიღია და ეს ზურაა…“

შენი მშობლებისგან თავისუფლების როგორი ხარისხი გქონდა პატარაობისას?

დედაჩემი ჩემთვის არის იდეალური მშობელი. კრისტის აქვს რაღაცნაირი უნარი, ბავშვობიდან ისე აკეთოს ყველაფერი, რომ გადაწყვეტილება თავად მივიღო, თუმცა საფრთხე არ შემექმნას. არასდროს ცხოვრებაში ჩემ გვერდით არ დამჯდარა მეცადინეობისას. ჩამიბეჭდა გონებაში, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობა იყო. რასაც ვამბობდი, იქ მომყვებოდა. სულ ჩემ გვერდით იყო. მისთვის უცნაური იყო, როცა ამოვღერღე, რომ რეჟისორობა მინდოდა, თუმცა ამაშიც გვერდში მიდგას. ასეთი მსოფლმხედველობა მაქვს, რომ ადამიანმა თავისი შეცდომებიც უნდა დაუშვას, სხვანაირად გამოცდილებას ვერ დააგროვებს. ბავშვობიდან არ მეშინია შეცდომების. რაც მეტს ვსწავლობ, უკეთესია ჩემთვის. შენი ამბებიც უნდა გქონდეს მოსაყოლი.. არ ვნანობ, რა ფაკულტეტზეც ჩავაბარე…

“მე უფრო ვარ დედა, ვიდრე კრისტი” – ნატალია ყიფშიძე

რაც შეეხება გიორგის…

მამა ყოველთვის მეგობრული იყო. შეიძლება, ვინმესთვის უცნაურია, მაგრამ ჩვენ საიდუმლოებები ერთმანეთისგან არ გვქონია. ჩემს მშობლებს ისეთი აღზრდის მეთოდები ჰქონდათ, რაც მე მომიხდა. ჩემი მშობლები არიან ჩართულები ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჩემ მაგივრად გადაწყვეტილებებს არ იღებენ.

ინტერვიუებში გისაუბრია რთულ პერიოდებზე, რომლებიც გამოგივლია. დღეს რა ეტაპი გაქვს? გადალახე ის მომენტები, რაც უკან გხევდა?

ასეა… ამ მომენტში ვცდილობ, სხვადასხვა ადგილას მოვსინჯო საკუთარი თავი. ამასთან ერთად, ვწერო მეტი, რადგან ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალ წელს ამ დროს ჩემი პირველი წიგნი გამოვცე. რამდენიმე წლის მიზანი კი რეჟისურას ეხება. ამ ორ საქმეს არ ვაცალკევებ ერთმანეთისგან.

პოპულარობის თემა თქვენს ოჯახში სხვა საფეხურზეა. თავად თქვი, რომ ბავშვობიდან საჯარო თვალის წინაშე ხარ… როგორ შეეგუე ამას და შეძელი თუ არა, რომ საზოგადოების აზრი შენს გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენდეს?

დაბადებიდან, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, იყო ეს პოპულარობა, რომელსაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ლიმიტი უნდა მქონოდა და არ დამეშვა გარკვეული შეცდომები. არსებობს რაღაცები, რაც არასდროს გამიკეთებია, რადგან არ მინდოდა, ჩემი ოჯახი ცუდად გამოჩენილიყო. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც სწავლისას ერთ-ერთ მიმართულებაში საუკეთესო ვყოფილვარ. უნივერსიტეტში არასდროს ვყოფილვარ ყველაზე კარგი სტუდენტი, მაგრამ ვიყავი სტუდენტი, რომელიც ყველაფერს თავისებურად აკეთებდა. მქონდა კარგი ქულები. ერთ მიმართულებაში რეალურად საუკეთესო ვიყავი ჩემს კურსზე. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების მიზანი. როდესაც დადგა საკითხი, ვინ უნდა გამხდარიყო კლასის რჩეული, რომ ერთ-ერთ კომპანიაში სამსახური უნდა მიეღო, მითხრეს უარი იმის გამო, რომ ყიფშიძე ვარ და ამ ოჯახის წარმომადგენელი. ასე ამიხსნეს, რომ თუ არჩევანს ჩემზე გააკეთებდნენ, ხალხი იტყოდა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ოჯახის გამო მოხდა. ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია – მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც. მაგალითად, ზოგს ვერ აუტანია ის ფაქტი, რომ ჩვენს ურთიერთობაზე ყველას შეიძლებოდა სცოდნოდა. დიდად არ ჰქონდათ ამის სურვილი და მესმის. მე შეიძლება მიჩვეული ვარ, მაგრამ ეს ყველასთვის კომფორტული ვერ იქნება. პოპულარობას ბევრი დადებითიც აქვს, მაგალითად, შემიძლია კარგი მოსაზრებების გავრცელება და ბევრი ადამიანის დახმარება ამ კუთხით. მაინც ჩემი მიზანი, პიროვნული, ის არის, რომ ჩემი სახელი ასოცირდებოდეს იმასთან, რა გავაკეთე კარგი მე და არა უბრალოდ იმასთან, რომ დავიბადე. დაბადება ყველას გამოგვივიდა და ამაში არაფერია საამაყო, თუნდაც ისეთ ოჯახში დაბადება, რომელიც ძალიან ცნობილია.

„არ მსიამოვნებს, რომ უბრალოდ, არსებობის გამო ვუყვარვარ ადამიანებს, ეს არ დამიმსახურებია” – ნატალია ყიფშიძე

სიყვარულისთვის ახლა სცალია ნატალიას?

სულ შეყვარებული ვიყავი, მთელი ცხოვრება, მაგრამ ბოლო ერთი წელიწადია, მივხვდი, რომ არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის და უფრო მეტად მივხედე საკუთარ თავს. ძალიან პატარა ვარ სერიოზული ურთიერთობებისთვის…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g