კრისტი ყიფშიძე ყოფილ მამამთილთან ზურა ყიფშიძესთან ერთად ახლახან პოდიუმზე ვიხილეთ. დათუნა სულიკაშვილის იდეით, სამხატვრო აკადემიის დარბაზებში მოწყობილ პოდიუმზე ქართველი კინოვარსკვლავი გამოვიდა, ხოლო ბოლოს უკვე კრისტისთან ერთად დახურა კოლექციის ჩვენება.

ფოტო ზაქარია ჭელიძე

კრისტი ყიფშიძე fortuna.ge-ს უყვება, როგორ დაითანხმა ზურა ყიფშიძე ჩვენებაში მონაწილეობაზე:

„დათუნა სულიკაშვილს, მოგეხსენებათ, არასდროს აქვს ჩვეულებრივი ჩვენება. ყოველთვის არის თეატრალიზებული, საინტერესო ლოკაციაზე ტარდება – ძალიან ლამაზი იყო ოპერაში გამართული მისი ჩვენება. ლოკაციიდან გამომდინარე, სულ აწყობს დღესასწაულს.

ახალი ჩვენება პანდემიის გამო შექმნილი ერთგვარი პაუზის შემდეგ პირველი იყო თბილისში – ყაზახეთში კი გვქონდა გასვლითი ჩვენება, მაგრამ მას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა, თან, საგასტროლო იყო, როდესაც დათუნა შინ ატარებს ჩვენებას, განსხვავებულ ადგილმდებარეობას ირჩევს ხოლმე. ჯანსუღ კახიძის ცენტრში 2019 წელს გამართული ჩვენების შემდეგ, დათუნასთვის თბილისში პირველი იყო…

დათუნამ ამ ჩვენებაზე ბევრი ცნობილი სახე გამოიყვანა, მათ შორის ნანა ჯორჯაძე, ბასა ფოცხიშვილი თუ მაკა ჩიჩუა და ერთ-ერთი მთავარი სახე იყო ზურა ყიფშიძე, რომელიც გამოვიდა ჩვენების ბოლოსკენ. ფინალში კი, მე და ზურამ, ერთად გამოვიარეთ. მეჯლისის შეგრძნება მქონდა და დადგმაც ასეთივე გახლდათ.

სამხატვრო აკადემია მცირე ხნის წინ გარემონტდა, უნიკალური ძეგლია, ძალიან ლამაზი ნაგებობა, რომელიც რესტავრირებულია საუკეთესოდ, შენარჩუნებულია სახე. ეს შენობა ზუსტად 100 წლისაა. როდესაც ასეთ ლოკაციაზე ხარ, იქ თავისი ენერგია სუფევს და გეხმარება, რომ ზღაპრული ჯადოსნური მეჯლისის განწყობა შექმნას. არ ვიცი, დათუნა რას არქმევს, მაგრამ ჩემთვის ასე იყო.

ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ეს ჩვენება შედგა.

ფოტო ზაქარია ჭელიძე

ზაქარია ჭელიძის მიერ გადაღებულმა ზურას და შენმა ფოტოებმა სოციალური ქსელები მოიარა…

მინდა, ზაქარიას დიდი მადლობა გადავუხადო ამ ფოტოებისთვის. ყველა მნიშნავდა ამ ფოტოებზე. ზურას ახალგაზრდობაში ჰქონდა მოდელობის გამოცდილება, ისეთი გარეგნობა და აღნაგობა აქვს, ეს გასაკვირი არ არის. სხვათა შორის, ჩემი ყოფილი დედამთილიც მოდელი გახლდათ და ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელია. როცა ზურა მოვიდა, ერთი პატარა რეპეტიცია გავიარეთ.

ბოლო გამოსვლა სპონტანური იყო?

ექვსი დარბაზი იყო გაერთიანებული, რომელი დარბაზიდან სად უნდა გავსულიყავით და რას ვაკეთებდით, ასეთი ტექნიკური დეტალები დავგეგმეთ. მე და ზურამ რეპეტიცია ერთად გავიარეთ. გვქონდა მოლაპარაკება, რომ ჯერ ცალ-ცალკე უნდა გავსულიყავით პოდიუმზე, შემდეგ კი – მე და ზურა ხელჩაკიდებულები უნდა გამოვსულიყავით. ეს დათუნას იდეა იყო, მას სურდა, რომ ბოლოს ერთად გამოვსულიყავით. არ აუხსნია, რატომ. სხვათა შორის, მას ჩვენების დროს სულ უყვარს ასეთი სიურპრიზები. მის ჩვენებაზე გამოსულან ლეგენდარული ფიგურები, ნანი ბრეგვაძე თუ ნინო ანანიაშვილი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ხალხი შენთან ერთად გამოდის ჩვენებაზე და კიდევ სხვა ელფერს ანიჭებს ღონისძიებას… ზურას გამოსვლა ბოლოსკენ თეთრ კოსტიუმში ნამდვილი სიურპრიზი იყო.

ზურას შენ დაურეკე?

რა თქმა უნდა. თავიდან გაიკვირვა, რა ჩვენებაზე გამოსვლაო… სხვათა შორის, სწორი დრო შევურჩიე დასარეკად. ვერ ვიტყვი, რომ ადვილად დავითანხმე. თავიდან ნატაშკას დათანხმდა, მერე ლენუკა უნდოდა თქმა, მაგრამ აზრია რ ჰქონდა საუბარს, რადგან სპექტაკლი ჰქონდა. როცა გავიგე, რომ სპექტაკლი არ ჰქონდა და კარგ ხასიათზე იყო, თავად დავურეკე. ზურა თავისი საქმის პროფესიონალია, ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს სცენა და მისთვის ეს გამოცდილება სიახლე არ ყოფილა. ჩვენებაზე გამოსვლისას, ჩემი აზრით, მთავარია ენერგია და ქარიზმა, რაც ზურას ძალიან დიდი დოზით აქვს.

ფოტო ზაქარია ჭელიძე

თავად კმაყოფილი იყო ჩვენების შემდეგ?

მგონი, კმაყოფილი იყო… მეორე დღეს გავფრინდი პარიზში და აღარ მიკითხავს დაწვრილებით შთაბეჭდილებები.

დათუნას შემდეგ ჩვენებაზეც ალბათ, უნდა ველოდოთ საოცარ სიურპრიზებს და შენც ყოველთვის ღია ხარ მისი იდეებისთვის…

მე და დათუნას კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს და მე მის ექსპერიმენტებს ყოველთვის ვთანხმდები, ვენდობი და მენდობა, იცის, რომ რა დავალებასაც მაძლევს, შევუსრულებ. საკუთარ თავზე საუბარი ცოტა მიჭირს, მირჩევნია, სხვებმა ისაუბრონ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

 

ნინო მურღულია
ავტორი

მსგავსი თემები