“შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ, ვერც კი წარმომიდგენია რომ “ღარიბაშვილის ციხეში” ყოფნამ რანაირად შეიძლება გატეხოს”, – ასე პასუხობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პრემიერის ღია წერილში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ “სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა”.
როგორც ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილს არ ჰქონდეს კომუნიკაცია და თუ ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მაშინ პირიქით, უნდა მისცენ საშუალება, რომ ეს თავად ნახოს:
“ძალიან მარტივი ტესტია, მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს სატელეფონო ზარების უფლება და არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს, თუკი ეს ასეა, მისცენ საშუალება მიიღოს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და გამოჩნდება მისი მდგომარეობა. ცხადია, ეს არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე და ჭორაობა, საზოგადოებაში მცდარი აზრის დანერგვის მიზნით. ფაქტია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილს არ ჰქონდეს კომუნიკაცია და თუ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მაშინ პირიქით უნდა მისცენ საშუალება, რომ საზოგადოებამ თავად ნახოს.
ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მასთან კომუნიკაცია და შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ, ვერც კი წარმომიდგენია “ღარიბაშვილის ციხეში” ყოფნამ რანაირად შეიძლება გატეხოს”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ადვოკატი სააკაშვილის დაკავების კადრებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის და ამბობს, რომ საზოგადოებამ ნახა, როგორ ამაყად და მედგრად ხვდება ის დაკავებას:
“დღეს ვნახეთ ივანიშვილის ოჯახის მოურავის სრულიად სამარცხვინო განცხადება, სადაც საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ვაჟკაცობაზე. ამ ადამიანისთვის ვაჟკაცობა არის სკოლის მოსწავლეებთან “კანარეიკიანი” მანქანებით მისვლა და ბავშვების, მოსწავლეების “დაკაჩავება”, რომ მეორე დღეს სკოლაში ვერ მივიდნენ.
ადამიანი ჩამოვიდა შეგნებულად, გვახსოვს მათი არაერთი განცხადება, რომ სააკაშვილი ვერ გაბედავდა საქართველოში ჩამოსვლას. მისი დაკავების კადრებისთვის ნამდვილად მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩათვალეს თითქოს ამ ვიდეოთი მოხდება სააკაშვილის დისკრედიტაცია, სინამდვილეში ვნახეთ როგორ ამაყად და მედგრად ხვდება მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას.” – თქვა საძაგლშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებაში სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიას განიხილავს და აქვე აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.