მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს.
ექსპრეზიდენტის ძმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის განვითარებას მოსამართლე არევაძის დამოკიდებულება განსაზღვრავს.
„მდგომარეობა რომ მძიმეა, ყველანი ვთანხმდებით. პროცესი ორჯერ გადაიდო. ჯერ პროცესს ცხრა დეკემბერს ველოდებოდით, მერე კიდევ ერთხელ გადაიდო თოთხმეტში. მოსამართლე არევაძისგან მოვისმინეთ, რომ პროცესი 21 დეკემბერს არ ჩაინიშნებოდა, რადგან მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე ჰქონდა და არ სურდა დამთხვეოდა. მოვიდა 22 რიცხვი. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მკაფიოა, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს, ვინაიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ვერ გაძლებს. დღევანდელი სასამართლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლე არევაძემ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, რომ მინიმუმ ჩართონ.
თავად დიდი სურვილი ჰონდა, რომ მოსულიყო, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. რომ ჩართონ, საზოგადოება დაინახავს, რა მძიმე მდგომარეობაშია.
მე მართლა ვერ გეტყვით, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს პროცესები. ნათლად გამოჩნდება მოსამართლის დამოუკიდებლობა, რადგან მოვლენების განვითარება მასზეა დამოკიდებული.
გიული ალასანია: „ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები – ხელში მაკვდება შვილი“
შეიძლება ერთ სასამართლო პროცესში დაასრულოს, შეიძლება – ათში. უბრალოდ, ჩვენ კიდევ ვაფიქსირებთ, რომ პროცესების გაწელვა მის მდგომარეობას მეტად დაამძიმებს“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
როგორც მანვე აღნიშნა, ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სიმძიმეს არ ეთანხმება, საქართველოს მთავრობაა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაა და მისი გაწირვის საშუალებას არავის მისცემენ.
„ჩვენ ვისმენთ ზელენსკის განცხადებას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას… ყველა თანხმდება, რომ მიშას მდგომარეობა მძიმეა. ერთადერთი, ვინც ამას არ აღიარებს, საქართველოს მთავრობაა. ჩვენ მიშა სააკაშვილს არ გავაწირინებთ, რადგან მიშა არის საქართველოს ისტორია.“ – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.