LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა გამოაქვეყნა ფაქტობრივად აჯანყების მიმართვა, ის არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში: ქადაგიშვილი

101
irakli qadagiSvili misha

მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ფაქტობრივად აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხალხს მოუწოდა, კომენდანტის საათი დაერღვიათ.

„რომელ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი? ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკოსებმა არჩევნების შემდეგ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რაიმე პრობლემის გარშემო საკითხი ერთხლაც არ დასვეს. ძირითადად ლაპარაკია, როგორ აირიდონ თავიდან პასუხისმგებლობა და საუბარი აქვთ იმაზე, რამდენ პროცენტიანი უნდა იყოს ბარიერი, რომ თვითონ კომფორტულად მოხვდნენ პარლამენტში. იცით, ვინ არის პოლიტიკური ბაცილა? ის, ვინც მოუწოდებს… მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განმარტებით, როგორ აღსრულდება კანონი, იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც მრავალჯერ დაარღვიეს “კომენდანტის საათი”, ამას შესაბამისი ინსტიტუტები უზრუნველყოფენ.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის გზად მხოლოდ რევოლუცია მიაჩნია.

„კანონის აღსრულებას შესაბამისი ინსტიტუტები უზრუნველყოფენ. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც მათი არსებობის განმავლობაში არჩევნების გზით ვერასდროს მიიღეს ხელისუფლება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რევოლუციით მოვიდა და არა – არჩევნებით, თორემ, 2003 წელს არჩევნებში სულ სხვა პროცენტი ჰქონდა მიღებული. ამის შემდეგაც მათ მიერ ჩატარებული არჩევნები იყო ისეთი, რომელსაც ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი ჰქონდა. დამარცხდნენ 2012 წლის და შემდგომ არჩევნებშიც. ვერც ამ არჩევნებში გაიმარჯვეს და ერთადერთი გზა, რაც მათ სწორ გზად მიაჩნიათ, ეს არის რევოლუციის გზა. რევოლუცია, რომელიც გამოიხატება სახელმწიფო ინსტიტუტების ტოტალურ ნგრევაში, მოსახლეობის დაპირისპირებასა და ქყვეყნის არევაში. კოვიდრეგულაციების დარღვევასთან რაცაა დაკავშირებული, სწორედ აქ არის ამ ყველაფრის წყარო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განმარტებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომ კოვიდრეგულაციები უნდა დავიცვათ.

„ანუ, ისინი ყველაფერს არღვევენ, რათ რამენაირად თავიანთი პოლიტიკური მიზანი მიღწეული იყოს სრულიად არაკანონიერი გზით. ვფიქრობ, დროულად არის ღონისძიებები გასატარებელი, რომ კოვიდის პარალელური ბაცილა, პოლიტიკური კოვიდი, რომელსაც ავრცელებენ, დროზე აღიკვეთოს, რადგან არ არის კარგი, როდესაც მოქალაქეებს კანონის დარღვევისკენ თვითონ პოლიტიკოსები მოუწოდებენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g