გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ჯანდაცვის საკითხებში „პალიტრა ნიუსის“ ეთერში კორონავირუსის მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ის ჯანდაცვის მინიტრს ეკატერინე ტიკარაძეს ესაუბრა და მას საკუთარი მოსაზრებები გააცნო.
ჩემი რეკომენდაციაა, რომ ჩვენ უფრო პრაგმატულები ვიყოთ, ქვეყანა უნდა იყოს ჩაკეტილი და უნდა ჩაკეტილიყო უფრო ადრე, თავი უნდა დავანებოთ ციფრებზე საუბარს. ჩვენ ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ რეანიმაციურ საწოლებზე, ჩვენ არ უნდა ვიყოთ კერძო კომპანიების ხაფანგში, რომ ისინი არ უშვებენ პაციენტებს კლინიკებში. რეანიმაციული განყოფილებები უნდა იყოს ჩართული კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის საკითხში. უნდა გვქონდეს ღია ინფორმაცია, რამდენი რეანიმაციული საწოლია თითოეულ ქალაქსა და რეგიონში, ეს საწოლები მხოლოდ კოვიდპაციენტებს კი არ სჭირდებათ, მიმდინარე დაავადებებიც გასათვალისწინებელია. თუ ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების რაოდენობა დაკავებულია, მაშინ ქვეყანა იკეტება. ციფრებით მანუპულირება არასწორია, ჩვენ რომ ჩავატაროთ 30 ათასი ტესტირება დღეში, ჩვენ გვეყოლება 10 ათასი ინფიცირებული. ყველაზე მთავარი მაჩვენებელია არა ის, თუ რამდენი დაინფიცირდა, ან დაიტესტა, არამედ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენ უკვე გადავლახეთ წითელი ხაზი, ამიტომ ჩვენ უკვე პრევენციაზე ვეღარ ვსაუბრობთ. გული გამისკდა, როდესაც ფეხბურთის მატჩს ვუყურე, ეს რა ხდებოდა. ჩვენ საავადმყოფოებში ადგილები აღარ გვაქვს. თუ არ ვიმოქმედებთ ახლა, თითოეული წუთის დაგვიანება, თითო ადამიანის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდება.
კოვიდი დღეს უფრო აგრესიული გახდა იმ თვალსაზრისით, რომ სწრაფად ვრცელდება. კი, 90 პროცენტში ის ისეთი ძლიერი არაა, როგორც ადრე, მაგრამ გვაქვს ერთი ცუდი ამბავიც. გამოდის, რომ ნეგატიურ ამბავს ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. ამას არ ვამბობდი, სანამ არ იყო მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები წამოვიდა. რეინფიცირება დაიწყო, ანუ დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო ძლიერი პირველი ტალღა. საქართველო პირველ ტალღას გადაურჩა. რეინფიცირება ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ კორონავირუსი, ემართებათ ის თავიდან. ასევე გამოიკვეთა ისეთი ტიპის გვერდითი ეფექტები, რომელიც მოულოდნელი იყო.
ეპიდემია ისე სწრაფად ვითარდება, რომ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიიღეთ ერთი კვირის უკან, დღეს უკვე ვალიდური აღარაა. გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ელვისებურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება ძალიან ბევრი არასასურველი შედეგები. ამიტომ მკაცრი ჩაკეტვაა საჭირო ძალიან მალე, რომ პრაქტიკულად არ იყოს არანაირი გადაადგილება.