“ლელოს” წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროტოკოლური წესები გამიზნულად დაირღვა იმისთვის, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციაზე არ მისულიყო. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებებს საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად აკრიტიკებდა.
„არ გამოვრიცხავ, რომ გამიზნულად დაირღვა პროტოკოლური წესები იმისთვის, რომ პრეზიდენტი არ მისულიყო კონფერენციაზე. ამიტომ, საინტერესოა რის თქმას აპირებდა სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ამ კონფერენციაზე მოვისმინეთ ურცხვი ტყუილების კასკადი პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში, რომელმაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობა და სრული კრახი, რომ ქვეყანა დარჩა კანდიდატის სტატუსის გარეშე, წარმატებად გამოაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი გასული თვეების მანძილზე არაერთხელ აფიქსირებდა პოზიციას, რომ კრიტიკულად იყო განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. ამიტომ საინტერესო იყო რას აპირებდა ზურაბიშვილი, რომ ეთქვა ელჩებისთვის, იყო თუ არა მისი გზავნილები განსხვავებული იმ უხვი ტყუილების კორიანტელისგან, რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერისგან, პარლამენტს თავმჯდომარისგან და საგარეო საქმეთა მინისტრისგან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური “ელჩების კონფერენციას” არ დაესწრო. უწყების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე არ მივიდა, პროტოკოლის წესების დარღვევა იყო.
რა განცხადებები გაკეთდა კონფერენციაზე, ვრცლად წაიკითხავთ აქ: