საქართველოს საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით.
„მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს.
მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.
ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა.
აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
მორიგი დაპირისპირება გუშინ სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა.
სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები, ასევე მრევლის ნაწილი ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ. ტაძარში წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფეს კარი ჩაკეტილი დახვდა.