სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ეხმაურება ჩანაწერებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ხსენებულ თანამდებობაზე ყოფნისას დარწმუნდა, რომ სისტემაში “ბოლშევიკური მეთოდები კვლავ მოქმედებს”.
გოგაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად მის ინტერესებშია.
“მე პირადად ვიყავი ამ სისტემის ნაწილი 2013 წლიდან. რიგითი არა და იცით ეს ყველამ. ბუნებრივია ვიცი მეთოდები, ბერკეტები, მოტივაცია და მიზნები ამ სისტემის მუშაობისა. ბუნებრივია საზოგადოებისა და მედიის კითხვები კონკრეტული (ყოფილი, თუ ახლანდელი) მაღალჩინოსნების, მიმართ.
ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ პოზიციას მოგახსენებთ. მერწმუნეთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ყველაზე მეტად ჩემს ინტერესებშია. თუმცა იმასაც ნათლად ვაანალიზებთ, რომ ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა გაჭირდება.
მე ჯერ კიდევ სისტემაში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ, დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. ამიტომ ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! ყველა მოქმედი, თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან“. – წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე სიტყვებით, “სისტემის დანგრევას არ უნდა შესწირო შენი ქვეყანა”.
“მე ვიმეორებ: ვიწყებ, ამ მახინჯი კედლის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვი არ გადაყვება. დასანგრევი დაინგრევა და ჭუჭყი ჩაირეცხება. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა! უნდა მოხდეს ბოროტების მანქანის დემონტაჟი და არა სტიქიური მსხვრევა, რაც საქართველოს მტრებს მეტად გააძლიერებს. მე მტკიცედ ვდგავარ ამ გზაზე და ნურავინ ეცდება გამაჩეროს და გადამეღობოს.
მე ვმუშაობ, რომ მეტი ინფორმაცია მოვიპოვო იმის დასადასტურებლად, თუ ვინ განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, დიახ ეს არის უდიდესი მასშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩემთვის პირადად საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ეს, მაგრამ დრო მჭირდება და ავწევ ვერსიის რეალობის დონეს.
რაც შეეხება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში მავანთა მიერ გაჟღერებულ სისულელეებს, რომლის საშუალებითაც სასურველი მიმართულებით ისრების გადატანას ცდილობენ. ეს უსუსური და სასაცილო მეთოდები გაცვდა და მოეშვით. ქვეყანა თავზე დაგექცათ და შეჩერდით”, – წერს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოში პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა და “სახალხო პარტიას” შეუერთდა.
13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუსსგან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა პოლიტიკოსმა ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო.
ამავე თემაზე:
ჩიხლაძე: ჩემსა და ნატა ფერაძეს შორის დიალოგი, რომელიც გაშიფრულია, მის სახლში შედგა
ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება