დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავს, საავტობუსო ზოლში გადაადგილებას შეძლებენ.
„ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში, გარკვეული პირობებით. ეს ეხება საჯარო და კერძო სკოლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მერმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სასკოლო ტრანსპორტი საავტობუსო ზოლში გადაადგილებას გარკვეული პირობების დაცვით შეძლებს.
რაც შეეხება პირობებს, კახა კალაძის თქმით:
- გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები;
- მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, სამუშაო საათების კონკრეტულ მონაკვეთში – დილის 6-დან 9-მდე და დღის 2-დან 6-მდე; არასამუშაო დღეებში, ოფიციალურ უქმე დღეებზე და სამუშაო დღის სხვა მონაკვეთში ავტობუსის ზოლით სარგებლობის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება;
- სასკოლო ტრანსპორტს შეეძლება გააჩეროს ავტობუსის გაჩერებაზე, მაქსიმუმ 1 წუთით ისე, როგორც ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს აქვს განსაზღვრული;
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სასკოლო ტრანსპორტის საავტობუსე ზოლში დაშვების მიზნით, სკოლამ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს.
„იმისათვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება, სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია. მათ შორის ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია იმოქმედებს სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე.
კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში დღეის მონაცემებით 19 ავტობუსი, 164 მიკროავტობუსი და 82 მინივენია რეგისტრირებული, როგორც სასკოლო ტრანსპორტი.