რამდენიმე დღის წინ ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა.
ექიმების განცხადებით, ახლა მას მკურნალობისა და რეაბილიტაციის ინტენსიური კურსის გავლა სჭირდება.
ამასთან, ცოტნეს მეუღლე, ანა ჯაბაური წერს, რომ ცოტნესთვის მკურნალობის გარდა ახლა ოჯახური გარემო, სიმშვიდე და ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ანა ჯაბაური ასევე აღნიშნავს, რომ ძმებ გამსახურდიებს-კონსტანტინეს, ცოტნეს და გიორგის განსაკუთრებული ძმობა აკავშირებთ.
ცოტნეც ბოლომდე იბრძოლებს და მეც, სახლში დაბრუნება ძალიან მოუხდება – ანა ჯაბაური
“მეგობრებო, პირველ რიგში უდიდესი მადლობა სიყვარულისთვის და იმ დადებითი ემოციებისთვის, რომელსაც ვგრძნობთ თქვენი მხრიდან. სწორედ პოზიტივი და მხოლოდ პოზიტივი, საყვარელი ადამიანების გარემოცვა, სიმშვიდე და სპეციალური ვარჯიშები არის ექიმის ის დანიშნულება, რომლითაც ჩამოვედით, ასევე ექიმის რეკომენდაციით, მშობლიურ ქვეყანაში.
დღეს მომინდა თქვენც ყოფილიყავით თანამონაწილე ჩვენი, ჩემი და ცოტნე გამსახურდიას, #გიორგიგამსახურდია-ს, ანი აბულაძის, კონსტანტინე გამსახურიდას ბოლო პერიოდის ერთგვარი ტრადიციისა, როცა ერთად, თუნდაც დისტანციურად, ვხარობთ წინ გადადგმული ყოველი პატარა ნაბიჯით ცოტნეს საბოლოო გამოჯანმრთელების გზაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს, სიყვარულს და ვამხნევებთ ერთმანეთს.
ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებს ახლა – ცოტნე დაუბრუნდეს მის ჩვეულ მდგომარეობას, და, რადგან ძალა ერთობაშია, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.
თქვენ არ იცით რეალურად როგორი ძმობა, სიყვარული და თავგანწირვა შეუძლიათ ერთმანეთისთვის, საყვარელი ადამიანებისა თუ ქვეყნისთვის ამ სამ ძმას. ერთხელ უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი – კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი.”-წერს ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში.