LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს

566
ჭიჭიაშვილი

კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, პოლიციამ მას დანებება შესთავაზა, თუმცა ჭიჭიაშვილმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, ის ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, რა დროსაც მოკლეს.

„ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დანაშაულებრივი დაჯგუფების, ადამიანთა გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იგი სოფელ ხოტიანოკაში იმალებოდა, მის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიგეგმა პროკურატურასთან შეთანხმებით“, – განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშჩენკომ.

„გარდაცვლილი არის შოთა ჭიჭიაშვილი. საკითხზე კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან უკვე შედგა“, – აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, შოთა ჭიჭიაშვილის უკავშირებდნენ საქართველოში გახმაურებულ რამდენიმე კრიმინალურ შემთხვევას, მათ შორის გივი თარგამაძის აფეთქების მცდელობას, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობას და ა.შ

შოთა ჭიჭიაშვილის ოჯახმა უკვე გააკეთა მომხდარის შესახებ პირველი კომენატარი. როგორც გარდაცვლილის ბიძა, ელდარ ჭიჭიაშვილი “კურიერთან” ამბობს, კრიმინალური ავტორიტეტი ოჯახთან არ კონტაქტობდა და სპეცოპერაციის შესახებ მედიიდან შეიტყო.

ჭიჭიაშვილის გარდაცვალებას, სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში.
ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე.
ჩემი წყაროს ინფორმაციით ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები