LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ძაბირაძე – ივანიშვილმა ფაქტობრივად „როქი“ გააკეთა.. არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი მესამედ დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე

247
ფორტუნა (21)

ახლა ისეთი არაფერი ხდება, რომ აუცილებელი ყოფილიყო ღარიბაშვილის, კობახიძის ან სხვა ნებისმიერი ვინმეს ჩანაცვლება, მაგრამ ივანიშვილმა წინასწარ გააკეთა სვლა. ფაქტობრივად დაიტოვა ვარიანტი იმის, რომ თუ საჭირო გახდა, გაზაფხულზე ისევ განახორციელოს მთავრობის ცვლილება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ზედმეტად ფრთხილია და დღეს განხორციელებული ცვლილებებით მან, ფაქტობრივად,“როქი“ გააკეთა.

„თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, შვილებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი შესაძლებლობა მექნება მეტი დრო დავუთმო ოჯახს“ – ღარიბაშვილი

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში“

 

ამასთან, ძაბირაძის მოსაზრებით, ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით რეალურად არაფერი შეიცვლება, გარდა ფასადისა.

„სამთავრობო ცვლილებებს მოგვიანებით ველოდი, მაგრამ ივანიშვილი, საკმაოდ, ფრთხილი კაცია, ზედმეტად ფრთხილიც. მან ახლა ჩაანაცვლა, ფაქტობრივად „როქი“ გააკეთა. ბუნებრივია, რეალურად არაფერი შეიცვლება, თუმცა ფასადი მაინც შეიცვლება. ეს არის გამოწვეული იმ ვითარებით, რაც დღეს ქვეყანაშია: გაფიცვები, გამოსახლებები და ა.შ. გუნდი შეიცვლება და ამით „ქართული ოცნება“ რაღაც დივიდენდების მიღებას შეეცდება. ამან თუ ვერ გაამართლა, მაისის ბოლოს „ქართულ ოცნებას“ ისევ შეუძლია ახალი ცვლილებები განახორციელოს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეეძლო სამთავრობო ცვლილებების განხორციელება, მაგრამ უფრო მომგებიანი იქნება, თუ კობახიძე განახორციელებს.

„ახლა ისეთი არაფერი ხდება, რომ აუცილებელი ყოფილიყო ღარიბაშვილის, კობახიძის ან სხვა ნებისმიერი ვინმეს ჩანაცვლება, მაგრამ ივანიშვილმა წინასწარ გააკეთა სვლა. ფაქტობრივად, დაიტოვა ვარიანტი იმის, რომ თუ საჭირო გახდა გაზაფხულზე ისევ განახორციელოს მთავრობის ცვლილება. თუ ამაზე წავიდა, ამ შემთხვევაში სულ სხვა მთავრობა იქნება. ახლა უბრალოდ ფიგურების გადაადგილება მოახდინა. თუმცა ამ ფიგურების გადაადგილებითაც საერთო ფასადს შეცვლის. კობახიძე რომ მოვა „თავის გუნდს“ მოიყვანს, ივანიშვილის გარეშე ის დამლაგებელსაც ვერ მოიყვანს, არა თუ მინისტრს, მაგრამ მაინც სხვა გუნდი იქნება.

რა თქმა უნდა, ღარიბაშვილსაც შეეძლო ცვლილებების განხორციელება, მაგრამ უფრო მომგებიანი იქნება, თუ კობახიძე განახორციელებს ამ ცვლილებებს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ თუ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, ღარიბაშვილი მესამედ დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე.

„მგონია, რომ ივანიშვილი უფრო მეტად ენდობა ღარიბაშვილს, ვიდრე კობახიძეს. თამაშიდან გაიყვანა [ღარიბაშვილი], მაგრამ არც პოლიტიკურ სიტუაციას მოწყვიტა. თუ ღარიბაშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც ის იქნება, ამიტომ ღარიბაშვილი დააკომპლექტებს „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიას. თუ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი მესამედ დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე“, – განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგმა ოპოზიციაზე და 2024 წლის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, დღეს „ქართულ ოცნებას“ ხმების მხოლოდ, 40%-ის მიღება შეუძლია.

პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიციამ ძალიან სწორად უნდა იმოქმედოს.

„ქართულ ოცნებას“ არჩევნები წაგებული აქვს. მთავარი ის არის ოპოზიცია მოიგებს თუ არა ამ არჩევნებს. „ქართულ ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს, მაგრამ ოპოზიციამ შეიძლება წააგოს. ეს არის დღეს პრობლემა, თორემ „ქართულ ოცნებას“ დღეს ხმების 40%-ის მიღება შეუძლია. 60%-ი გადანაწილდება ოპოზიციაზე, ოღონდ აქ 5%-იანი ბარიერი არსებობს. ოპოზიციამ ძალიან სწორად უნდა იმოქმედოს. ივანიშვილმა წინასწარ, რაღაც ნაბიჯები გადადგა“, – განაცხადა მან.

ძაბირაძის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ხელშეუხებლობის გარანტიებისთვის დაბრუნდა, რადგან ივანიშვილი უშვებს შესაძლებლობას, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგოს.

„ის პოლიტიკაში დაბრუნდა არა იმის გამო, რომ რაღაც კორუფციას ებრძოლოს, ეს ყველაფერი ფასადურია, დაბრუნდა, იმიტომ, რომ ივანიშვილი უშვებს შესაძლებლობას, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგოს. თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს, მაშინ ივანიშვილს სჭირდება გარანტიები, რომ ის ხელშეუხებელი იქნება, როგორც სააკაშვილს სჭირდებოდა გარანტიები და როგორც შევარდნაძეს სჭირდებოდა. ეს გარანტიები არა დღევანდელი ოპოზიციიდან სჭირდება, არამედ იმ თანამეგობრობისგან, რომლებმაც ეს გარანტიები სააკაშვილსაც მისცეს და შევარდნაძეს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

mazda magti 5g