„ჩვენ, როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა,“ – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ პარტია „ლელოს“ ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გააცნეს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რითაც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითიდღე „რუსული ტიპის ავტოკრატიას“ ემსგავსება.
ჯაფარიძის თქმით, „ჩვენ გვყავს უზურპატორი ხელისუფლება, გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები და წაგვართვეს არჩევანის უფლება.“
„ჩემი დამოკიდებულება დღევანდელი რეალობისადმი ძალიან მარტივია – ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესი არის ის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რითაც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსული ტიპის ავტოკრატიას.
ჩვენ, როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა.
პარალელურ, კოალიციურ რეჟიმში დემონსტრაციების გამართვა – მგონია, რომ ეს არის გზა ერთი მხრივ, მოქალაქეებს დავანახოთ, რომ შეუძლებელია შეგუება სისტემასთან, რაშიც ცხოვრებას გვაიძულებენ და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში ვაჩვენოთ, რომ აქ არ არის ნორმალური ვითარება და შეუძლებელია უზურპატორმა გააგრძელოს ცხოვრება ისე, თითქოს, არაფერი ხდება და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ღირსების მქონე ადამიანები რომლებიც ამ რეალობას არ შეეგუებიან. ამიტომ, პარასკევს დაგეგმილი სამივე მსვლელობა მნიშვნელოვანია და სიხარულით ვუერთდებით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მორიგ საპროტესტო მსვლელობას 19 ნოემბერს გამართავს.