LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მიმდინარე, უმსხვილესი პროექტი სტუმარმასპინძლობის სფეროში: Block Group უახლოეს პერიოდში 3 ათასზე მეტ ადამიანს დაასაქმებს – თორნიკე ჯანაშვილი

23
Untitled design (1)

სასტუმროები Radisson და Golden Tulip Design Tbilisi, მულტიფუნქციური კომპლექსი ყაზბეგის გამზირზე და Vatel Business School – ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც საინვესტიციო კომპანია Block Group საქართველოში, სტუმარმასპინძლობის სექტორში ახორციელებს.

რა პოტენციალი აქვს საქართველოს ტურიზმის მიმართულებით, რა გეგმებით და ხედვებით დაიწყო Block Group-მა სტუმარმასპინძლობის დარგში შესვლა – აღნიშნულ საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში Block Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა ისაუბრა.

პანდემიური წლების და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით, რა მოლოდინები გაქვთ წელს?

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სექტორმა საკმაოდ მძიმე წლები გამოიარა პანდემიიდან გამომდინარე, ამასთან, წელსაც ჩვენს რეგიონში ომის გამო საკმაოდ რთული ვითარებაა, მაინც პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ამაზე მეტყველებს ის ჯავშნები და მოთხოვნა, რაც მოდის სხვადასხვა ბაზრებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, ანუ საქართველო რჩება ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ მიმართულებად და ამიტომაც, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს ტურისტული ნაკადები აღდგება სულ მცირე 70-80%-ით მაინც, რაც იყო პანდემიამდე წელს, ანუ 2019 წელს. ეს ყველაფერი კი კარგად აისახება ამ სექტორზეც და ქვეყნის ეკონომიკაზეც.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ჯავშნები უქმდება – რომელი ქვეყნებით შეგვიძლია დავაკომპენსიროთ ეს დანაკლისი?

ჩემი აზრით, რიგი ქვეყნებიდან გაუქმებული ჯავშნების მიუხედავად, საქართველო მაინც საინტერესო მიმართულებაა სხვა ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით შეგვიძლია რეგიონის ქვეყნები გამოვყოთ, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნები, არაბული ქვეყნები. სხვათა შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახლახან ჩატარდა ტურისტული შეხვედრები და ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ის, რომ ევროპის ზოგი ქვეყნიდან რაღაც ჯავშნები უქმდება, ეს დროებითი მოვლენა მგონია და ველოდები, რომ სიტუაცია დასტაბილურება და აღდგება ჯავშნები ყველა მიმართულებიდან.

პირადად თქვენს საქმიანობაზე რომ ვისაუბროთ ამ სექტორში, საინვესტიციო კომპანია Block Group-ს უმსხვილესი ინვესტიცია აქვს ჩადებული უკვე სტუმარმასპინძლობის სფეროში – რა პროექტებზეა საუბარი?

ჩვენ უკვე ამ თვეში დაგეგმილი გვაქვს გახსნა პირველი პროექტის, Golden Tulip Design Tbilisi-ის. ეს არის 80 ნომრიანი სასტუმრო ავლაბარში. ასევე მიმდინარეობს მშენებლობა სასტუმრო Radisson-ის, ჭანტურიას ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „თორის“ ადგილას. აქ კეთდება 200 ნომრიანი სასტუმრო, რომლის გახსნაც იგეგმება მომავალი წლის ბოლოს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ყაზბეგის გამზირზე, სადაც საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 150 ნომრიანი, 5 რესტორანი, სპა, ღია და დახურული აუზები, საქართველოში ყველაზე დიდი საკონფერენციო და საბანკეტო სივრცეები განთავსდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონი დოლარია და მას „ორბი ჯგუფთან“ ერთად ვახორციელებთ.

პროექტები გაქვთ განათლების მიმართულებითაც, მაგალითად „ვატელის ბიზნეს სკოლა – რა ეტაპზე ეს პროექტი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა საქართველოსთვის?

Vatel Business School ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამხოლოდ ჩვენი ჯგუფისთვის, როგორც ამ სექტორში ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორისთვის, არამედ, ზოგადად მთელი სექტორისთვის იმიტომ, რომ „ვატელი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლა სტუმარმასპინძლობის სფეროში მთელ მსოფლიოში. მსოფლიოს 4 კონტინენტზე მას 35 უნივერსიტეტი აქვს უკვე გახსნილი და ნამდვილად, მათი ფილიალის გახსნა საქართველოში, იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის ვინაიდან, ჩვენ შეგვეძლება მოვამზადოთ პროფესიონალი კადრები ამ მიმართულებით და ტურისტული სექტორის დონეს აწევს ქვეყანაში, გაზრდის სერვისის ხარისხს. ამიტომაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები განათლების სამინისტროსთან და პარტნიორებთან. ძალიან მალე უკვე ოფიციალურად შევიტანთ განაცხადს განათლების სამინისტროში, რომ მივიღოთ ავტორიზაცია და ვფიქრობთ, წლის ბოლომდე უკვე ვიქნებით ავტორიზირებულები და შევძლებთ, ძალიან მალე მივიღოთ სტუდენტები.

ეკონომიკის რა სექტორებს ფარავ ჯამურად Block Group და თქვენი რამდენიმე წლიანი სტრატეგია რომ გაგვაცნოთ, რას ჰპირდებით უახლოეს წლებში საქართველოს მოქალაქეებს?

ჩვენი სტრატეგიაა, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორები. Block Group ოპერირებს სხვადასხვა დარგებში: ჯანდაცვა, ლოგისტიკა, მშენებლობა, უძრავი ქონება, ენერგეტიკა და ა.შ. ცალკე მინდა გამოვყო ჯანდაცვის სექტორი – გვაქვს პოლიკლინიკების ქსელი და ამ მიმართულებაში საკმაოდ დიდი ხანია უკვე, რაც ვსაქმიანობთ. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, ახლა აქტიურად ვგეგმავთ განათლების სფეროში შესვლას. „ვატელის ბიზნეს სკოლის“ გარდა, ჩვენ კიდევ გვაქვს პროექტები რეგიონების განვითარებაზე, ასევე გვაქვს IT სკოლის მიმართულება, რომელზეც აქტიურად მიდის უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება და მიგვაჩნია, რომ განათლების მიმართულებით საკმაოდ ბევრი საინტერესო სიახლე იქნება იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ეკონომიკის განვითარება დგას განათლებაზე. შესაბამისად, გვინდა რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, განვავითაროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის პოტენციალი.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, გვყავს ათასობით თანამშრომელი და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. უახლოესი 3 წლის პერსპექტივაში, ჩვენი პროექტებიდან გამომდინარე, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 3 ათას ადამიანს ასცდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები