LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ART-შემოდგომა „ამბასადორი კაჭრეთისგან“- სასტუმროს ტერიტორიაზე ციფრული თეატრის დღეები გაიმართება

6
120553884-3312660065521224-4394706431162474752-o

ART-შემოდგომა „ამბასადორი კაჭრეთისგან“- ინოვაციებისა და ქართული კულტურის მხარდასაჭერად, სასტუმრო ციფრული თეატრის დღეებს უმასპინძლებს. 5 სხვადასხვა სპექტაკლი ქართველი მსახიობების მონაწილეობით, სასტუმროს გარე სივრცეებში დაიდგმება.

თუ რას გულისხმობს პროექტი ART-შემოდგომა, რა მიმდინარე სიახლეები აქვთ „ამბასადორი კაჭრეთში“ და როგორია სასტუმროს განვითარების სამომავლო გეგმები – ამ და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ამბასადორი კაჭრეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნათია სოსიაშვილმა ისაუბრა.

-„ამბასადორი კაჭრეთში“ ART-შემოდგომა დაიწყო – რას გულისხმობს ეს პროექტი და რა ღონისძიებებს მოიცავს ის?

როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ტურიზმის სფერო დააზარალა პანდემიამ, არამედ ხელოვნების სფეროც მთლიანად მოწყდა იმ რელობას, რომელშიც ის იყო. განსაკუთრებით დაზარალდა თეატრი და სწორედ ამიტომ, ჩვენ რია ქებურიას ფონდთან ერთად, გადავწყვიტეთ, ხელოვან ადამიანებს და განსაკუთრებით, თეატრის წარმომადგენლებს, მსახიობებს ამოვდგომოდით მხარში, თეატრი გამოგვეყვანა შენობიდან და ჩვენი გარე სივრცეები დაგვეთმო მისთვის.

ART-შემოდგომა „ამბასადორი კაჭრეთში“ უკვე დაიწყო. 27 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე, ჩვენთან გაიმართება როგორც ხატვის მასტერკლასები ბავშვებისთვის და უფროსებისთვის, ასევე ფოტოგრაფიის მასტერკლასები, რომელსაც გურამ წიბახაშვილი ატარებს. 6 ოქტომბრიდან კი ჩვენ ვიწყებთ ციფრული თეატრის დღეებს, რაც გულისხმობს 5 სპექტაკლს, რომელიც „ამბასადორი კაჭრეთის“ სხვადასხვა ლოკაციაზე, გარე სივრცეში გაიმართება. სპექტაკლებს ეყოლება ცოცხალი მაყურებლები. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლებზე დასწრება შეეძლებათ არა მხოლოდ ჩვენს სტუმრებს, არამედ, ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელსაც თეატრი მოენატრა – შეუძლია გვესტუმროს და დატკებს იმ ღონსძიებებით, რომლებიც იქნება ჩვენთან. ძალიან საინტერესო სპექტაკლები გვაქვს პროგრამაში. იდეის ავტორი არის Mooz art Festival, რომელიც გვპირდება, რომ წინ საინტერესო ამბები გველის.

– „ამბასადორი კაჭრეთისთვის“ რამდენად პრიორიტეტულია კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მხარდაჭერა?

ჩვენ ასეთი ნიშნა გვაქვს აღებული – სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს ყოველთვის ვმასპინძლობთ. „ამბასადორი კაჭრეთი გოლფ კლუბი“ – ასეთია ჩვენი დასახელება და სპორტული ღონისძიებებისთვის ყოველთვის მზად ვართ, ვინაიდან გვაქვს პროფესიონალური მოედნები, საცურაო აუზები და ა.შ რაც შეეხება კულტურულ მხარეს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ამბავშიც ვიყოთ ჩართული. ეს არის ისეთი თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ თვითონ რეგიონში, სადაც „ამბასადორი კაჭრეთი“ არის წარმოდგენილი. მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელოვნების წარმომადგენლები ჩამოვიყვანოთ ჩვენთან, გავაკეთოთ სხვადასხვა ღონსიძიებები, რაზე დასწრების საშუალებასაც ადგილობრივ მოსახლეობასაც ვაძლევთ. ჩვენ აქამდეც რამდენიმე ძალიან დიდ ღონისძიებას ვმასპინძლობდით და ვფიქრობთ, მომავალშიც აუცილებლად დავუჭერთ მხარს კულტურულ ღონისძიებებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ვგულისხმობ გარე სივრცეებს და მაქსიმალურად დაცულ უსაფრთხოების ნორმებს.

-ბუნებრივია, უნდა ვისაუბროთ პანდემიაზეც… როგორ მოახერხა „ამბასადორი კაჭრეთმა“ ამ მძიმე პერიოდში ფუნქციონირების გაგრძელება და როგორ მოერგეთ ახალ რეალობას?

ახალ რეალობაზე გადასვლა ჩვენც, ისევე როგორც ყველა სასტუმროს, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა, ახალ რეალობაში აღმოვჩნდით თავიდანვე, როგორც საკარანტინე სივრცე. ჩვენმა მფლობელმა გადაწყვიტა, სასტუმროს ტერიტორია სრულიად უფასოდ დაეთმო სახელმწიფოსთვის -ჩვენ ვიღებდით კარანტინში მყოფ ადამიანებს და ვცდილობდით, მათთვის მაქსიმალურად კოფორტული გარემო დაგვეხვედრებინა. ამ რეჟიმში ვიმუშავეთ 2 თვეზე მეტი და შემდეგ უკვე გადავედით გახსნის მომზადების ეტაპზე. მინდა ვთქვა, რომ გახსნა იყო საკმაოდ მოულოდნელი. თავიდან, ისევე როგორც ტურიზმის სფეროს ყველა წარმომადგენელს, გვქონდა სკეპტიკური ხედვა იმისა, თუ როგორ დაიწყებოდა მომხმარებლების ჩამოსვლა. საზოგადოებაში მაინც იყო შიში, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხო იყო მათი მოგზაურობა თუნდაც ერთი ქალაქიდან მეორეში. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ამ ადამიანების დარწმუნება, რომ ჩვენთან ერთხელ თუ ჩამოვიდოდნენ, ნახავდნენ, რომ აქ სახიფათო არაფერი იყო. 8 ივნისიდან დავიწყეთ სატესტო რეჟიმში მუშაობა და არც ერთი დღე არ ყოფილა, როდესაც არ გვყავდა სტუმრები. ამისთვის, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც ჩვენ გვენდო, ჩამოვიდა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ზოგადად, ტურიზმის სფეროს გადარჩენის საქმეში.

-ზაფხულის სეზონის სტატისტიკა როგორია- რამდენად დატვირთვით იმუშავეთ? წინა წლებთან შედარებით, კლება პროცენტულად ძალიან დიდია?

წლევანდელი ზაფხულის სეზონმა ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა. ვერ ვიტყვით, რომ სტატისტიკურად კლება გვქონდა. ინდივიდუალური ჯავშნების მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ჯავშნები მივიღეთ. ყოველ პარასკევს და შაბათს 100%-იანი დატვირთვით მუშაობდა სასტუმრო. დანარჩენ დღეებშიც საკმაოდ კარგი ჯავშნები გვქონდა, ამიტომ, ვერ ვისაუბრებ დამსვენებლების კლებაზე. კლება იყო ფასების მიმართულებით. იმ სოციალური და ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დავდექით პანდემიის შემდეგ, გადავხედეთ საფასო პოლიტიკას, გავაკეთეთ სპეციალური შეთავაზებები მომხმარებლებისთვის და შესაბამისად, ამ ყველაფერმა იმუშავა ძალიან კარგად. ჩვენ ისედაც არ ვართ დამოკიდებული საერთაშორისო მოგზაურებზე, ჩვენი ძირითადი სეგმენტი მაინც არიან ადგილობრივი დამსვენებლები და შესაბამისად, ეს ადამიანები გვსტუმრობდნენ წინა წლებშიც.

-ალბათ, გქონდათ გარკვეული გეგმები 2020 წელს, რომლებიც პანდემიამ შეცვალა… თუ იგეგმებოდა სასტუმროს კიდევ უფრო გაფართოება და რა გეგმები გაქვთ დღეს?

გეგმები გვქონდა ძალიან დიდი – როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ორი შენობა: ისტორიული და ახალი ნაწილი. გვქონდა გეგმაში, რომ დაგვეწყო ძველი შენობის გარემონტება, თუმცა ამ ყველაფერმა გადაიწია. ასევე გეგმაში გვქონდა ხალხმრავალი ღონისძიებები, რომლებსაც ყოველწლიურად ვატარებთ ხოლმე „ამბასადორი კაჭრეთში“ – ეს არის „შემოდგომა კაჭრეთში“, რომელიც 3 ოქტომბერს გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ესეც გადაიდო იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყრის ხოლმე თავს ამ ღონისძიებაზე. რაც შეეხება მიმდინარე გეგმებს – უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ სასტუმროს ძველი ნაწილის რემონტთან ერთად, დავიწყოთ გარკვეული მშენებლობები, სასტუმროს კიდევ ერთი კორპუსი დაემატება. თუმცა, ჯერჯერობით, ამ ყველაფერზე მიდის მუშაობა დაპროექტების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, ყველაფერი ისე წავა ტურიზმის სექტორში, რომ გაფართოებაზე უფრო ხელშესახები და გარანტირებული გეგმები გვქონდეს.

-ამ ეტაპზე რამდენ და რა ტიპის ნომერს მოიცავს „ამბასადორი კაჭრეთი“?

დღეისათვის, გვაქვს 181 ნომერი. სასტუმრო არის განსაკუთრებული იმით, რომ ჩვენთან ჩამოსულ ნებისმიერ სტუმარს აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, როგორ გაატაროს დღე. ეს არის: გოლფის მოედანი, მინი გოლფის მოედანი, 2 ღია საცურაო აუზი, მათ შორის ერთი – ოლიმპიური, დახურული საცურაო აუზი, საცხენოსნო მოედანი, სასროლეთი, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის მოედნები, ბოულინგი…. ასე რომ, ჩვენთან მოსულ ნებისმიერ ადამიანს უამრავი აქტივობით შეუძლია დაკავდეს ისე, რომ არ მოიწყინოს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვფიქრობთ იმ ადამიანებზეც, რომლებიც სახლიდან მუშაობენ და ჰყავთ ბავშვები. ასეთ დროს, მათ ვთავაზობთ, ჩამოვიდნენ „ამბასადორი კაჭრეთში“, მათი სამუშაო დროის განმავლობაში ბავშვების გართობაზე ვიზრუნებთ ჩვენ. სასტუმროს ტერიტორიაზე სამუშაო სივრცე არის ძალიან კარგად მოწყობილი, შეხვედრებიც შეუძლიათ ჩვენთან დაგეგმონ. მოკლედ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს ან დასვენება, ან მუშაობა, ან გართობა – ველოდებით ჩვენთან მთელი წლის განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები