LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ფაჩუაშვილი: „ჩემთვის მთავარი ამოცანაა ბრძოლა ბოლომდე, თვითგადარჩენისთვის, არდავიწყებისთვის და პროფესიის სიყვარულისთვის!..“

33
nana-phachuashvili_w_h

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახლახან მიღებულ ჯილდოზე, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაზე, თავის კარიერაზე, სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ სპექტაკლებზე ისაუბრა.

ქალბატონო ნანა, რამდენად ემოციური იყო თქვენთვის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მიღება?

რა თქმა უნდა, ემოციური, სასიამოვნო და ჩემი მხრიდან მისასალმებელი იყო. მართალი გითხრათ, არ ველოდი, დიდი სიურპრიზი იყო. ეს ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, თითქოს, ჯამდება შენი ყოფნა.

ვიცი, რომ ბევრი სამომავლო გეგმა გაქვთ, მიემგზავრებით გასტროლზე, ასევე დაგეგმილი გაქვთ პრემიერა…

სპექტაკლების თემას ყოველთვის ასე ვუყურებ, იმას კი არ ვუყურებ, აქამდე რა გამიკეთებია, არამედ ამის შემდეგ რას გავაკეთებ, თითქოსდა დავიწყებას მიეცემა ხოლმე ძველი, რადგან ის თაობა, სამწუხაროდ, მიდის და მთავარი ყოველთვის ისაა, თუ ახლა რას გააკეთებ. ამიტომაც არის, რომ „გაუმაძღარია“ მსახიობი, სულ უნდა და უნდა და მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ დაამტკიცოს, კიდევ ცოცხლობს, კიდევ შეუძლია. ჩემთვის მთავარი ამოცანა  არის – ბრძოლა ბოლომდე, თვითგადარჩენისთვის, არდავიწყებისთვის და პროფესიის სიყვარულისთვის, ამიტომაც არის ხოლმე, რომ ბევრ რაღაცას არ ვიზარებ.

„რუსთაველის თეატრიდან“ 16 ოქტომბერს მივდივართ ბაღდათში 3 დღით, რობერტ სტურუას სპექტაკლით, „თამაშის დასასრული“. 23 ოქტომბერს ესპანეთში, ბარსელონაში მივემგზავრებით სპექტაკლით „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო“, რომელსაც უკვე 15 წელზე მეტია, რაც ვთამაშობთ, მაგრამ ისეთი თემატიკაა, რომ ჩვენი ემიგრაციაში მყოფი ქართველები უეჭველად დაინტერესდებიან. ჩვენ ამ სპექტაკლით უკვე ვიყავით ლონდონში, პარიზსა და ედინბურგში და იქ ვნახეთ, თუ რაოდენ სასარგებლო იყო. განსაკუთრებით საფრანგეთში მიიღეს ფანტასტიკურად.

ცნობისთვის, 7 და 8 ოქტომბერს „ათონელის თეატრში“ ვთამაშობთ „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო“-ს.

როგორ ანაწილებთ დროს ოჯახს და საქმიანობას შორის?

ეს მე ახალგაზრდობიდან გავითავისე, უკვე სისხლში მაქვს. გამოგიტყდებით და ხშირად ვამბობ, რომ ახლა უკვე ჯაფა აღარ მინდა, რომ დასვენება, სიმყუდროვე, სიმშვიდე მინდა, მაგრამ არ გამოდის, რადგან ჩემი მონაცემები და ჩვევები უკვე აღარ მასვენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g