სასტუმროების ქსელი Ka group გაფართოებას და ახალი ობიექტების გახსნას გეგმავს. კომპანია მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტული სეზონითაც საკმაოდ კმაყოფილია, თუმცა, სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს.
„ბიზნესნიუსის“ სტუმარი Ka group-ის თანადამფუძნებელი ნინა ჭიღლაძე იყო, რომელმაც აღნიშნული სასტუმროების ქსელის მიმდინარე სიახლეები გაგვაცნო და სამომავლო სტრატეგიაც დაგვიანონსა.
საკმაოდ პოზიტიური სეზონია, რომელსაც არ ველოდით მიმდინარე რეალობიდან გამომდინარე. როგორც რეგიონის, ასევე თბილისის სასტუმროები უკვე აქტიურად არის დაჯავშნილი მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს დატვირთულობა გაგრძელდება შემდეგ პერიოდებშიც.
რუსეთ-უკრაინის ომი, ცალსახად, მსოფლიო ტრაგედიაა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმოქმედა ადამიანების განწყობაზე. მას განსაკუთრებული გავლენა აქვს ევროპულ სეგმენტზე. მანამდე თუ საქართველო საკმაოდ აქტუალური იყო რიგი ევროპული ქვეყნებისთვის, ახლა შემცირდა ჯავშნების რაოდენობა ევროპიდან. რაც შეეხება პანდემიას, ის ჯერ კიდევ რჩება დიდ გამოწვევად, მაგრამ გალფისა და აზიის ქვეყნებისთვის დღემდე, მაინც აქტუალურია მოგზაურობა საქართველოში და ჯერჯერობით, მათი მხრიდან მოთხოვნა არ შემცირებულა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, აქტუალური გახდა ბოლო წამს დაჯავშნილი მოგზაურობა. თუ კოვიდამდე წინასწარ ვიცოდით, რა დატვირთულობა შეიძლება ჰქონოდა ამა თუ იმ ობიექტს, ამჯერად, რეალობამ გვაჩვენა, რომ უფრო პოსტფაქტუმ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას, სად იმოგზაუროს და როდის. ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებთ, რომ გავუმკლავდეთ მათ ნაკადს და მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. ჩვენს სასტუმროებში გარდა უცხოელებისა, შეიმჩნევა ადგილობრივი დამსვენებლებიც.
მხოლოდ ზაფხულის ჭრილი რომ განვიხილოთ, დაახლოებით, 70%-ს მაინც აღწევს დატვირთულობა და მეტია რიგ შემთხვევაში, როგორც თბილისის, ისე რეგიონების სასტუმროებში. უფრო მეტად აქტუალურია ბაკურიანი, თუმცა ტურების ხანგრძლივობიდან და ფრენის დეტალებიდან გამომდინარე, თბილისიც აქტიურად იჯავშნება.
ჩვენ გვაქვს შემდეგი მიდგომა, რომ მაქსიმალურად ვაკვირდებით ხოლმე მომხმარებლების მოთხოვნებს და იმ დიდ, პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ უშუალოდ ჩვენს სასტუმროებთან. რეალობა გვაჩვენებს, რომ დაახლოებით ფასების 10%-იან ზრდაზეა ბაზარი ადაპტირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად ვერ ვზრდით ფასებს, თუმცა, შიდა საოპერაციო ნაწილი 20-25%-ით არის გაძვირებული. ეს განპირობებულია როგორც პროდუქტების გაძვირებით, ასევე კომუნალური ხარჯებით და ა.შ ამ შემთხვევაში, ბიზნესს უწევს, რომ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს და შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავრჩეთ ბაზარზე და ვიმუშაოთ სწორი საფასო პოლიტიკით.
დღეისათვის, Ka group აერთიანებს 16 სასტუმროს, რომლებიც განთავსებულია თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში. დასაქმებული გვყავს 500- ამდე ადამიანი, თუმცა ეს არ არის ის მაქსიმუმი, რასაც ვისურვებდით რომ დაგვესაქმებინა. სამწუხაროდ, ბაზარზე არ ჩანს ადამიანური რესურსი, რომელსაც დასაქმების სურვილი აქვს. ფაქტობრივად, საკადრო დეფიციტია აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე. ბიზნესური თვალსაზრისით არამომგებიანი გადაწყვეტილება მივიღეთ და არარეალური სახელფასო ბიუჯეტები გავუწერეთ კადრებს, თუმცა, გამოხმაურებაც ამ შემთხვევაში არის დაბალი. იმედი გვაქვს, მალე ამოვხსნით ამ პრობლემის საიდუმლოს და გადავჭრით მას.
რაც შეეხება გაფართოების გეგმებს, Ka group ნამდვილად აპირებს ქსელის გაფართოებას და შემდეგი სეზონისთვის უკვე სხვა სასტუმროებითაც გამოჩნდება ქართულ ბაზარზე. მოთხოვნიდან გამომდინარე, განიხილება სხვა რეგიონის დამატებაც.
იმედი მაქვს, რომ დაუახლოვდება და გადაასწრებს კიდეც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ცოტა რთულია პროგნოზების გაკეთება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, მიმდინარე პერიოდში, მომხმარებლებს ახასიათებთ გადაწყვეტილების მიღება სპონტანურად, შესაბამისად, ცოტა რთულია მომავალზე გავაკეთოთ აქცენტი. მაგრამ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უნდა გვქონდეს დადებითი მოლოდინები, მთავარია, სერვისულად გავუმართლოთ მათ იმედები, ვინც ჩვენზე აკეთებს არჩევანს.