LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე „ალფა ჰაბი” გაიხსნა

26
ipiccy-image

თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე „ალფა ჰაბი” გაიხსნა, რომელიც ანა პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში მდებარეობს და ისეთ საინტერესო და საჭირო სივრცეებს მოიცავს, როგორებიცაა: საკონფერენციო დარბაზი, სივრცე ტრენინგებისთვის, სივრცე პირადი შეხვედრებისთვის სამუშაო ოთახები და სივრცე პრეზენტაციისთვის.

თუ რითი განსხვავდება „ალფა ჰაბის“ საქმიანობა ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან და რამდენად დიდი მოთხოვნაა პანდემიის მიუხედავად, მსგავსი ტიპის სივრცეებზე- ამაზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში განათლებისა და განვითარების ცენტრ „ალფა ჰაბის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა მაკა ყუბუსიძემ ისაუბრა.

-როგორ გაჩნდა „ალფა ჰაბის“ დაარსების იდეა? ამ პანდემიურ პერიოდში, თუ იყო მოთხოვნა მსგავსი ტიპის სივრცეზე?

მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში, ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა სხვადასხვა ტიპის ბიზნესები… ჩვენც ვფიქრობდით, თუ როგორ განგვევითარებინა ჩვენი ბიზნესი და გადავწყვიტეთ, ახალი მიმართულება დაგვემატებინა – ეს იყო, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულება. სწორედ პანდემიის პერიოდში, მომხმარებელს გაუჩნდა უფრო დიდი დრო განვითარებისთვის და ჩვენც არ ვართ შორს ამ სფეროდან, ჩვენ თვითონ ვკითხულობთ ლექციებს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სწორედ ამიტომაც, ვიფიქრეთ, შეგვექმნა მულტიფუნქციური ტრენინგ-სივრცე, რომელიც გარდა სივრცეების გაქირავებისა, თავადვე ჩაატარებდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს და საგანმანათლებლო პროგრამებს შეიმუშავებდა.

-სად მდებარეობს „ალფა ჰაბი“ და რა სივრცეებს მოიცავს ის?

„ალფა ჰაბი“ მდებარეობს კომპლექსში “შენი სახლი ჯიქიაზე”, ანა პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში. ეს ლოკაცია შევარჩიეთ იქიდან გამომდინარე, რომ მარტივია მისასვლელად როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ავტომობილით. „ალფა ჰაბი“ შედგება სხვადასხვა ფუნქციური სივრცეებისგან: საკონფერენციო დარბაზი, სივრცე ტრენინგებისთვის, სივრცე პირადი შეხვედრებისთვის, სამუშაო ოთახები, სივრცე პრეზენტაციისთვის… ასე რომ, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ისე ჯგუფებს შეუძლიათ მოვიდნენ „ალფა ჰაბში“ და მიიღონ სხვადასხვა ტიპის სერვისი.

-თუ ჩაატარეთ ბაზრის მოკვლევა, თუ გყავთ პირდაპირი კონკურენტები თბილისში ?

ცხადია, ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, ასეთი საქმის წამოწყება ამის გარეშე არ იქნება. ბაზარზე არსებობს კონკურენტები და თან, საკმაოდ საინტერესოები, თუმცა, ჩვენი უპირატესობა, ვფიქრობ, რომ მაინც ის არის, რომ „ალფა ჰაბში“ არის მყუდრო, კომფორტული ატმოსფერო, ვაკმაყოფილებთ მონაწილეების მრავალფეროვან მოთხოვნებს. მაგალითად, ჩვენი გუნდი ვერ ვიღებდით იმ კონკრეტულ სერვისებს, რომლებსაც გვთავაზობდა არსებული სივრცეები და სწორედ ამ ვერმიღებული სერვისების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ჩვენთან ყოფილიყო ყველა ის მოთხოვნა დაკმაყოფილებული, რაც დღეს ბაზარზე მომხმარებელს აქვს. ჩვენი უპირატესობაა ასევე მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული ტარიფები.

-რამდენიმე დღეა, „ალფა ჰაბმა“ ფუნქციონირება დაიწყო, წამოვიდა უკვე დაინტერესება და შეკვეთები?

ჩვენ სულ ახლახან გავიხსენით და პრინციპში, მაისის შუა რიცხვებიდან უკვე გვაქვს მოთხოვნა. რა თქმა უნდა, გვაქვს კონტრაქტები სხვადასხვა ტიპის კომპანიებთან, რომლებსაც უკვე აქვთ დაგეგმილი თავიანთი ტრენინგები და შეხვედრები. გარდა ამისა, გვაქვს ჩვენი ტრენინგებიც, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ტიპის კერძო ტრენერებთან… ამას ჩვენ ყველაფერს ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, რომელიც ძალიან აქტიურია და ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში გვიკავშირდებიან აქ და გეგმავენ თავიანთ შეხვედრებს, რომლებსაც შეიძლება „ალფა ჰაბმა“ უმასპინძლოს.

-უახლოეს პერსპექტივაში, მსგავსი ტიპის სივრცეების სხვა ლოკაციებზე მოწყობას ხომ არ აპირებთ?

გეგმაში ნამდვილად გვაქვს განსხვავებული სივრცის აშენება თბილისთან ახლოს და უკვე ვიცით, სად იქნება ეს სივრცე, რადგანაც ბუნებასთან სიახლოვე ძალიან მოთხოვნადი გახდა. სამომავლოდ, ძალიან ბევრი და საინტერესო გეგმა აქვს „ალფა ჰაბს“ და იმედია, ეს ყველაფერი განხორციელდება.

-რამდენ ადამიანს ასაქმებს ამ დროისთვის „ალფა ჰაბი“?

დღეისათვის, დასაქმებული გვყავს 8 ადამიანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ კადრების დამატებას, საჭიროების მიხედვით და ასევე ჩვენს გუნდში მოვიაზრებთ იმ ტრენერებსა და მენტორებს, ვინც ჩვენთან მუდმივად ითანამშრომლებს. თუ იქნება მოთხოვნა და სურვილი, გვეყოლება უცხოელი ტრენერებიც, რომლებსაც აუცილებლად მოვიწვევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები