დიდი ზომის კროსოვერი Volkswagen Atlas, რომელიც ამერიკულ ბაზარზე იყიდება , გეგმურ განახლებას გადის და ვიზუალურად ჩინურ Volkswagen Teramont Pro-ს ემსგავსება. განახლებული ვერსიის ოფიციალური პრემიერა აპრილში, ნიუ-იორკის ავტოშოუზე გაიმართება.
გერმანულმა მწარმოებელმა უკვე გაავრცელა ზამთრის ტესტირების ფოტოები, სადაც კროსოვერი კამუფლიაჟშია დაფარული. მიუხედავად ამისა, შესამჩნევია განახლებული დიზაინის ელემენტები – შეცვლილია წინა და უკანა ბამპერები, დამატებულია რომბის ფორმის დეკორატიული ჩანართები და ახალი სპოილერი. გამოცემა Carscoops-ის ინფორმაციით, მოდელი მომდევნო მოდელურ წელს ძრავს Volkswagen Tiguan-ისგან მიიღებს.

Automotive News-ის ცნობით, რესტაილინგის ფარგლებში პრაქტიკულად ძარის ყველა დეტალი შეიცვალა, სახურავის გარდა. ინტერიერის ოფიციალური ფოტოები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, სალონი ჩინურ Teramont Pro-ს სტილში შესრულდება. ჩინურ ვერსიაში გამოყენებულია სამი ეკრანი – ციფრული ინსტრუმენტების პანელი, მულტიმედიური სისტემის დიდი ცენტრალური ეკრანი და დამატებითი დისპლეი წინა მგზავრისთვის.


მოსალოდნელია ტექნიკური ნაწილის განახლებაც. არსებული EA888 evo4-ის ნაცვლად Atlas-მა შესაძლოა მიიღოს ახალი 2.0 ლიტრიანი ტურბო ოთხ ცილინდრიანი EA888 evo5 ძრავი, რომელიც 272 ცხენის ძალას ავითარებს და ეფექტურობითა და გამონაბოლქვის შემცირებული მაჩვენებლებით გამოირჩევა.

ამასთან, თებერვლის დასაწყისში Volkswagen-მა კიდევ ერთი სიახლე დააანონსა – ახალი პიკაპი Volkswagen Tukan, რომლის პირველი ბაზარი ბრაზილია იქნება. მისი წარმოება 2027 წლიდან სან-ჟოზე-დუს-პინიაისის ქარხანაში დაიწყება.
