კორეელები მომავლის მოტივტივე ქალაქს ააშენებენ. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, უნიკალურ მშენებლობას გაერომ მხარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაუჭირა. თუმცა, პროექტის რეალიზაციის პირობების და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ვრცელდებოდა.
ქალაქი სამხრეთ კორეის საპორტო დასახლების, პუსანის ნაპირთან განთავსდება. უჩვეულო ნაგებობა პუსანს წყალდიდობისგან დაიცავს, კვების პროდუქტებს, ენერგიასა და დასალევ წყალს კი თავადვე აწარმოებს.
მოტივტივე სახლების პროექტი კომპანია Oceanix-მა შექმნა. უნიკალური ქალაქი იქნება ექვსკუთხედი პლატფორმების გაერთიანება და თითოეულ პლატფორმაზე 300 ადამიანს დაასახლებენ.
სპეციალისტთა შეფასებით, ექვსკუთხედი ყველაზე ეფექტური არქიტექტურული ქმნილებაა, რამეთუ მშენებლობისას სივრცისა და მასალის ეკონომიაა შესაძლებელი.
მოტივტივე ქალაქის მშენებლობა 2025 წლისთვის იგეგმება და საწყისი ბიუჯეტი 200 მილიონი დოლარია. თუ რა ეღირება ასეთ ქალაქში ცხოვრება ან როგორი იქნება გადასახადები, Oceanix ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებს.