1920-იან წლებში კომპანია Bugatti-მ სულ დაახლოებით 160 ერთეული Type 43-ის შასი გამოუშვა, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილად მიიჩნეოდა. მოდელი სხვადასხვა რბოლებზე არაერთხელ გამოჩენილა.
აღსანიშნავია, რომ ამ შასებიდან მხოლოდ ერთმა მიიღო ღია ძარა, შექმნილი ბელგიელი ოსტატის ეჟენ მატისის მიერ. სწორედ ეს უნიკალური ავტომობილი მაისში იტალიაში აუქციონზე გაიყიდება, რომელსაც აუქციონის სახლი Broad Arrow გამართავს. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ იშვიათი როდსტერის ფასი 2,5-დან 3,5 მილიონ ევრომდე იქნება.

Type 43 გრანდ-ტურერის კლასს მიეკუთვნებოდა, თუმცა კონსტრუქციის გარკვეულ ელემენტებს იზიარებდა იმდროინდელ ლეგენდარულ სარბოლო მოდელთან – Bugatti Type 35B. ავტომობილი აღჭურვილი იყო 2,3 ლიტრიანი, რვა ცილინდრიანი კომპრესორიანი ძრავით, რომელიც დაახლოებით 120 ცხენის ძალას ავითარებდა. ამ მონაცემებით მანქანა 1920-იანი წლების ბოლოსთვის შთამბეჭდავ – 160 კმ/სთ-მდე სიჩქარეს აღწევდა.
გასაყიდი ეგზემპლარი პირველ მფლობელს 1929 წლის დასაწყისში დროებითი ძარით გადაეცა. დღევანდელი იერსახე მან 1930-იანების დასაწყისში მიიღო, როცა ბრიუსელელმა ოსტატმა ეჟენ მატისმა მას თანამედროვე სტილის დიზაინი შეუქმნა. მოგვიანებით ავტომობილმა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი და გარკვეული პერიოდი Chevrolet-ის ალტერნატიული ძრავითაც კი იყო აღჭურვილი. თუმცა 1980-იან წლებში როდსტერს ქარხნული სპეციფიკაციების შესაბამისი აგრეგატი დაუბრუნდა.



უკანასკნელი 45 წლის განმავლობაში უნიკალური Bugatti Type 43 ბრიტანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ კერძო კოლექციაში ინახებოდა. ამ დროის განმავლობაში ის ეტაპობრივად აღდგა ორიგინალურ მექანიკურ მდგომარეობამდე, თუმცა ინტერიერი განზრახ დაუტოვეს ასაკის შესაბამის, გამოყენებულ მდგომარეობაში. ავტომობილს თან ახლავს დოკუმენტების სრული პაკეტი, რომელიც მის წარმოშობას, ისტორიასა და ავთენტურობას ადასტურებს.
