აუქციონის სახლი RM Sotheby’s აპრილის ბოლოს გასაყიდად გამოიტანს უჩვეულო სპორტქარს რთული სახელით – Dallara Macchina Posto Singolo (MPS). სახელწოდება პირდაპირ ასახავს მოდელის მთავარ კონსტრუქციულ ინოვაციას – ავტომობილს აქვს მხოლოდ ერთი სავარძელი, რომელიც სალონის ცენტრშია განთავსებული.
ერთადერთ ეგზემპლარად შექმნილი და საერთო გზებზე დაშვებული პროტოტიპის ფასი, სავარაუდოდ, 700 ათას ევროს ან მეტს მიაღწევს.
Dallara ყველაზე მეტად ცნობილია სხვადასხვა სარბოლო სერიებისთვის შასების შექმნით, თუმცა 2015 წელს კომპანიამ საკუთარი პირველი გზის ავტომობილი – Dallara Stradale წარადგინა.

2020 წელს, პანდემიის პერიოდში, კომპანიის დამფუძნებელმა, ჯამპაოლო დალარამ გადაწყვიტა ამ პლატფორმის გამოყენებით მძღოლზე ორიენტირებული ვერსიის შექმნა.
Stradale-ის პლატფორმა მნიშვნელოვნად გადაკეთდა. უნიკალური განლაგება, სხვა ფაქტორებთან ერთად, ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტს და აუმჯობესებს აეროდინამიკას.

MPS-ის „სალონი“ იმდენად კომპაქტურია, რომ ტრადიციული ტრანსმისიის სელექტორისთვის ადგილი არ დარჩა – ექვსსაფეხურიანი „რობოტის“ გადართვა მხოლოდ საჭის ქვეშ განთავსებული პადლების მეშვეობით არის შესაძლებელი. მართვის ღილაკების ნაწილი, მათ შორის ძრავის გაშვების ღილაკი, კარის პანელებზეა განთავსებული.

ავტომობილი აუქციონზე თავად კომპანია Dallara-ს მიერ არის გამოტანილი – მას აქამდე კერძო მფლობელი არ ჰყოლია.