LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: 2020 წლის ტოპ-5 ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსი და მათი უძრავი ქონება

139
page

საერთაშორისო ბიზნესჟურნალმა „ფორბსმა“  2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. მოდით გავეცნოთ ყველაზე მდიდრების ტოპ-ხუთეულს და მათ უძრავ ქონებასაც გადავავლოთ თვალი.

სიის სათავეში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰიპ-ჰოპ არტისტი, კანიე უესტია. ის  სიას 170 მილიონი აშშ დოლარით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ მისი შემოსავლის მთავარი წყარო კომპანია  „ადიდასთან“ თანამშრომლობით შექმნილი ფეხსაცმლის პოპულარული ბრენდი, Yeezy გახლავთ. 21-ე საუკუნის ყველაზე რეიტინგული ჰიპ-ჰოპ არტისტი უამრავ სახლს ფლობს, მათგან ყველაზე გამორჩეული ალბათ უაიომინგის შტატში მდებარე ვილაა, რომელიც უესტმა გასულ წელს, 14 მილიონ დოლარად შეიძინა. რადენიმე თვის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ კანიე ამავე შტატში მეგასახლს აშენებს, სახლი ტბასთან იქნება განთავსებული და 10 000 კვადრატულ მეტრ ფართს დაიკავებს. სახლში 10 საძინებელი იქნება. ჰიპ-ჰოპ არტისტი ახალ სახლში მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად იცხოვრებს.

მეორე პოზიციაზე ლეგენდარული პოპ-მომღერალი ელტონ ჯონია, რომლის შემოსავალმაც, მიმდინარე წელს 81 მილიონი დოლარი შეადგინა. დიდძალ ქონებას შორის აღსანიშნავია ლონდონში მდებარე სახლი, რომელიც ნამდვილად სასახლეს მოგაგონებთ. სახლი ვიქტორიანული ეპოქის დიზაინითაა მოწყობილი.

 

ელტონ ჯონზე 9 მილიონით ნაკლები გამოიმუშავა ახალი თაობის პოპ-ვარსკვლავმა, არიანა გრანდემ. ვარსკვლავის ანგარიშზე 72 მილიონი დოლარია. მას შემდეგ, რაც გრანდემ ლედი გაგასთან ერთად დუეტი Rain on Me გაავრცელა და მსოფლიო ჩარტებიც დაიპყრო, ახალი, საკმაოდ მსხვილი შენაძენი გააკეთა. არიანამ „ჰოლივუდ ჰილზში“ სახლი 13.7 მილიონ დოლარად შეიძინა. პანორამული ხედი ლოს-ანჯელესზე, აუზი, მარანი, სპა-ოთახი, ვიტრაჟებიანი, ნათელი ოთახები ხედით სარეკრეაციო ზონაზე და უზარმაზარი ოთახი ტანისამოსისთვის – ეს 26 წლის ვარსკვლავის ახალი საცხოვრებელი სახლის სულ მცირედი აღწერაა.

გასულ წელს, ედ შირანი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ახალგაზრდად დასახელდა. მომღერლის ქონებამ 170 მილიონ ფუნტს შეადგინა. მიმდინარე წელს კი ათწლეულის არტისტად დასახელებული შირანი მხოლოდ 64 მილიონს დასჯერდა. ამაზე გავლენა სავარაუდოდ მისმა შემოქმედებითმა პაუზამ მოახდინა. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ მომღერალს პირველი შვილი შეეძინა. გამოცემა The Sun-ის მიხედვით, ედი 27 სახლის მფლობელია, მათგან ყველაზე დიდი კი Suffolk-ში მდებარე უზარმაზარი ვილაა.

2020 წლის ივლისში, ტეილორ სვიფტმა ახალი, რიგით მე-8 სტუდიური ალბომი Folklore გაავრცელა, რომელიც თვითიზოლაციაში ყოფნისას შექმნა. ნამუშევარმა საოცარი წარმატება მოიპოვა და რამდენიმე რეკორდიც მოხსნა. აღსანიშნავია, რომ  Folklore პირველი ნამუშევარი გახდა, რომელიც 2020 წელს მილიონ ასლად გაიყიდა. რაც შეეხება მის შემოსავალს, მიმდინარე წელს არტისტმა  63.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მის მფლობელობაში არსებული სახლების ჯამური თანხა 81 მილიონ დოლარს შეადგენს.