კონცერნმა General Motors-მა დენი ჰადსონისა და მისი პიკაპის – Chevrolet C10-ის ისტორია გააზიარა, მოდელის რომელიც 1973 წელს არის გამოშვებული. ავტომობილმა კომპანია თავისი გამძლეობით დააინტერესა: მან უკვე გაიარა მილიონი მილი (დაახლოებით 1,6 მილიონი კილომეტრი) და მფლობელი მას დღემდე ყოველდღიურად იყენებს.
დენი ჰადსონმა Chevrolet C10 1976 წელს, პირველი მფლობელისგან შეიძინა და მას შემდეგ აღარ განშორებია. იმ პერიოდში ის თავად მუშაობდა General Motors-ში, თუმცა სხვა ქალაქში უწევდა სიარული, რის გამოც ყოველდღიურად დიდ მანძილებს გადიოდა. 2008 წელს კი საკუთარი ბიზნესი დაიწყო – ავტონაწილების გაყიდვა.

ჰადსონს საკმაოდ დიდი ავტოპარკი აქვს. პიკაპის გარდა, მას ჰყავს რამდენიმე სხვადასხვა წლის Camaro, ასევე Plymouth Road Runner (1971) და Chevrolet Malibu იმავე ეპოქიდან. მიუხედავად ამისა, სწორედ პიკაპი ითვლება ოჯახის სრულუფლებიან წევრად – მისი შვილი, ბლეიკი, ნახევრად ხუმრობითაც კი ემუქრებოდა, რომ სახლიდან წავიდოდა, თუ მამა ამ მანქანას გაყიდდა.

1999 წელს დენიმ სცადა, C10 „დაესვენებინა“ და ავტოფარეხში დაეტოვებინა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მანქანა მოენატრა და ისევ ექსპლუატაციაში დააბრუნა.
ავტომობილის ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი მიზეზი, მისი თქმით, არის დროული და სწორი ტექნიკური მომსახურება.