რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე და ნინი ბადურაშვილი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „ღიმილს ნუ მალავ“ პრემიერით.
მაკა ზამბახიძე: ტექსტიც და მუსიკაც რატიმ დაწერა. სხვათა შორის, პირველი სიმღერაა, რომელიც მთლიანად რატის ეკუთვნის. ძალიან კარგი ტექსტია, ამიტომ შენიშვნების გარეშე, უცვლელად მივიღეთ. მალე YouTube-ზე ჩვენი 8 მარტის კონცერტის ჩანაწერი დაიდება, სადაც ეს სიმღერაც შესრულდა.
რატი დურგლიშვილი: „ღიმილს ნუ მალავ“ ჩემთვის დავწერე და თავიდან სხვა ფორმა ჰქონდა, თუმცა მერე მაკას მოვასმენინე და ძალიან მოეწონა, ამიტომ ჩვენი დუეტის სიმღერა გახდა. ყოველთვის სიამოვნებით ვთანხმდებით იმ ადამიანებთან კოლაბორაციას, ვინც ძალიან გვიყვარს, ამიტომ ჩვენც და ნინიც მთელი შემართებით ჩავერთეთ სიმღერის ჩაწერაში. არ ვიცი, რამდენ ადამიანს მოსწონს ჩემი შემოქმედება. ჩემთვის მთავარია, რომ იმ ადამიანებს მოსწონთ, ისეთი ადამიანებისგან ვიღებ კომპლიმენტებს, ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
ნინი ბადურაშვილი: სიმღერას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ჯერ რატიმ გააკეთა თავისთვის, მერე მაკასთან ერთად ჩაწერა, ბოლოს კი, სამივეს სიმღერა გახდა. კონცერტის მოწყობას ვგეგმავდი, რომელიც გაურკვეველი დროით გადაიდო. სწორედ კონცერტზე მინდოდა რამდენიმე დუეტის შესრულება და მაშინ გადავწყვიტე ჩემს საყვარელ დუეტ “ჯორჯიასთან” თანამშრომლობა. რატისთან შევიკრიბეთ მცხეთაში, უამრავი ვერსია განვიხილეთ, თუმცა საბოლოოდ მაინც ეს სიმღერა ავირჩიეთ. რამდენიმე ადამიანს ვენდობით უსიტყვოდ, მათ შორის არიან ბორიკო შხიანი და გიგა კუხიანიძე, რომლებიც საოცარი პროფესიონალები არიან და ძალიან კარგად იციან საკუთარი საქმე. მათთან ერთად ჩავწერეთ სიმღერა და ვფიქრობ, კარგი გამოვიდა. გარდა ამისა, რამდენიმე დღეში ჩემი ახალი ვიდეოს პრემიერა შედგება YouTube-ზე, რომელიც მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე გავაკეთე.
მაკა ზამბახიძე: ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ სიმღერაში, ყველა დეტალი გავითვალისწინეთ და იმედია მსმენელსაც მოეწონება. ვფიქრობ, “ღიმილს ნუ მალავ” ნამდვილად იმსახურებს მსმენელის ყურადღებას და დარწმუნებული ვარ, მალე გახდება ჰიტი. აქვე დავაანონსებ, რომ მალე რატის სიმღერას ლელა წურწუმია ჩაწერს.
რატი დურგლიშვილი: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბორიკო შხიანს და გიგა კუხიანიძეს, რომელსაც ძალიან მოვაძულეთ თავის სიმღერის ჩაწერისას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვალ და ზეგ ისევ შევუყვარდებით. ლელას მართლა დიდი ხანია ვპირდები სიმღერის დაწერას, თუმცა ლელა იმდენად სპეციფიკური მომღერალია, მასზე თუ არ იფიქრე, ისე შეუძლებელია, რაიმეს მოფიქრება. ასეთივე ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება ნინისაც, რომელსაც ძალიან განსხვავებული ხმის ტემბრი აქვს.
„ღიმილს ნუ მალავ“