გიორგი შალვაშვილი ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორ დაიკლო 105 კილოგრამი:
„ამისთვის 2 წელი დამჭირდა. მივიდოდი ექიმთან, გამომიცხადებდნენ, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. დავთანხმდებოდი, წამოვიდოდი სახლში და ვფიქრობდი, ახლა შემოდგომაა, ქორწილები, ძეობები, სუფრები, არა, ასეთ დღეებს ვერ გამოვტოვებ-მეთქი. მერე ახალი წელი მოდიოდა, კონცერტები იწყებოდა, ქეიფები. მერე გაზაფხული და ასე გადავავადე ორი წელი.
ამასობაში გულის პრობლემები შემექმნა, გადავიტანე ინსულტი. ჩემმა მეგობარმა კაკი ბოლქვაძემ იძულებით წამიყვანა კლინიკაში მეგობარ ექიმთან. გამსინჯა თუ არა მითხრა, ბომბზე ზიხარ, დაიღუპები, თუ სასწრაფოდ არ გაიკეთებო. როგორც წესი, დავეთანხმე და სახლში წამოვედი. ისევ ვყოყმანობდი, ვფიქრობდი, რომ ოპერაციას ვერ გადავიტანდი. მომდევნო დღეს კაკიმ მითხრა, დილიდან მშიერი წამოხვალ კლინიკაში ანალიზების გასაკეთებლადო. მივედი მშიერი, შემიყვანეს, მითხრეს, ღრმად ჩაისუნთქეო, რაღაც დამადეს ცხვირზე, ჩავისუნთქე და… როცა ამოვისუნთქე, ოპერაცია უკვე გაკეთებული მქონდა… ორი წელი გავიდა მას შემდეგ და საერთო ჯამში 105 კილო დავიკელი…“