გვინდა, რომ ჩვენი თანამშრომლების შთამომავლებს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გააგრძელონ ჩვენს ქარხანაში მუშაობა და შექმნან ქართული პროდუქცია, რომლითაც ყველამ უნდა იამაყოს, – ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ კომპანია „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა განაცხადა.
დავით კაპანაძე 64 წლიანი ისტორიის მქონე ქართული კომპანიის გუნდს 2021 წელს შეუერთდა და „საქკაბელის“ მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ „ბიზნესნიუსში“ ვრცლად ისაუბრა.
პანდემია, როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს დაიწყო საქართველოში და თითქმის ყველა ტიპის ბიზნესს შეეხო: ზოგს – მეტად, ზოგს – ნაკლებად. აქვე ხაზგასასმელია ერთი ფაქტი – გამოცდილებამ აჩვენა, ადგილობრივ წარმოებებს უფრო ნაკლებად შეეხოთ პანდემია. ჩვენი ქარხნისთვისაც 2020 წელს იყო მცირედი შეჩერება, როდესაც სრულად ჩაკეტეს ქვეყანა, თუმცა, ეს სიტუაცია მალევე დაიძლია და განვაგრძეთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა. შედეგების კუთხით, 2020 საკმაოდ კარგი წელი იყო, თუმცა 2021 გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, რადგან, ამ წელს შეჩერებული მშენებლობები განახლდა და ეკონომიკური ზრდაც 2021-ში უფრო მეტი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბიზნესიც გასულ წელს უფრო მეტად გაიზარდა.
ჩვენი საწარმო მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზესტაფონში. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რეგიონში არსებობს ამხელა საწარმო. დასაქმებული გვყავს 140 ადგილობრივი. ადმინისტრაციული ოფისი გვაქვს თბილისში, სადაც დაახლოებით 40 ადამიანი მუშაობს. ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის საკაბელო პროდუქციის წარმოება. ვაწარმოებთ, დაახლოებით, 2000 დასახელების საკაბელო პროდუქციას როგორც სპილენძის, ისე ალუმინისას. ასევე გვაქვს გოფრეს წარმოება, რომელიც 2021 წლის დასაწყისში დავიწყეთ. ამასთან, ვაწარმოებთ არასაკაბელო პროდუქციასაც, რომელიც ელექტრო-სამონტაჟო საქმიანობებში გამოიყენება.
გაყიდვების არხები გვაქვს შემდეგნაირად განაწილებული: ვფლობთ სპეციალიზებულ მაღაზიებს, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზესტაფონში. ასევე გვაქვს საკმაოდ განვითარებული სადილერო ქსელები. გვყავს თითქმის ყველა რეგიონში ჩვენი წარმომადგენელი, რომლებიც ყიდიან ჩვენს პროდუქციას და არ მეგულება არცერთი რეგიონი, სადაც შეიძლება რომ ჩვენი პროდუქცია არ იყოს ხელმისაწვდომი. ეს რაც შეეხება საცალო მიმართულებას, თუმცა, გვაქვს კორპორატიული გაყიდვებიც და გვყავს შესაბამისი მენეჯერები, რომლებთანაც შეიძლება კონტაქტი, პირობებზე მოლაპარაკება. აღსანიშნავია ისიც, რომ „საქკაბელის“ პროდუქცია გადის ექსპორტზეც, ძირითადად, სომხეთში და ახლა უკვე მუშაობთ სხვა ქვეყნებთან ექსპორტზეც. სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია მიმდინარე მოვლენების გამო. საექსპორტო მოლაპარაკებები უშუალოდ მიმდინარეობს ტრეიდერ კომპანიებთან, რომლებიც გადამყიდველები არიან, საბოლოო მომხმარებელი შეიძლება იყოს აფრიკის ქვეყნები, ევროპის ქვეყნები და ა.შ.
ჯანსაღი კონკურენცია ყველასთვის სასარგებლოა. ჩვენ გარდა, არიან სხვა ადგილობრივი მწარმოებლებიც ამ სექტორში და ძალიან კარგია, მივესალმებით ამას. თუმცა, კონკურენციის ნაწილში საკმაოდ დიდია იმპორტირებული პროდუქციის წილი და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უხარისხო პროდუქცია. უძვირესი ნედლეულისგან შემდგარ საკაბელო პროდუქციაში დარღვეულია ყველანაირი სტანდარტი, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანებსაც, მშენებლობებსაც და ა.შ. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუშალოთ უხარისხო პროდუქციის იმპორტს საქართველოში და ჩვენ, როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვაპატიებთ თავს, რომ უხარისხო პროდუქცია მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს და ზოგადად, მოსახლეობას.
ჩემი აზრით, როცა რეგიონში ვართ წარმოდგენილი და აქ დასაქმებული გვყავს 140 ადგილობრივი, ეს უკვე გარკვეულწილად ქმნის სოციალურ პასუხისმგებლობას. ძალიან ბევრი კომპანია თავმოყრილია დედაქალაქსა და სხვა მსხვილ ქალაქებში, თუმცა „საქკაბელი“ ისტორიულად არსებობს ზესტაფონში, აქ ვაპირებთ განვითარებას, თუ რაიმეს ვამატებთ – აქ ვამატებთ. გარდა იმისა, რომ დასაქმებული გვყავს ადამიანები, გვაქვს შიდა სტანდარტი: შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, გარემოზე ზრუნვის, დაცვის სტანდარტები შემუშავებული. გარდა ამისა, გვეამაყება, რომ ვთანამშრომლობთ გარკვეული ტიპის უნივერსიტეტებთან, მოგვყავს მათი კურსდამთავრებულები, რომლებიც ჩვენთან ეუფლებიან გარკვეულ სპეციალობებს და თავიანთი ნება თუ იქნება, ალბათ დარჩებიან ჩვენს ქარხანაში სამუშაოდ, რადგან ვამჩნევ რომ აინტერესებთ ეს საქმე.
კომპანიის სამომავლო სტრატეგიას, როგორც წესი, გვისაზღვრავს მსოფლიო განვითარება, თუ რა ხდება მსოფლიო ბაზარზე, როგორ ვითარდება ტექნოლოგიები და ასევე, კონკურენცია. თუ მსოფლიო ბაზარზე ინერგება ახალი ტექნოლოგიები, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი პარტნიორი გვყავს უცხოეთში, ვუზიარებთ მათ ჩვენს გამოცდილებას, ისინი – თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ, ხშირად ჩამოდიან ჩვენთან საწარმოში და მოკლედ, ვვითარდებით ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ეფექტური გავხადოთ ჩვენი წარმოება. რაც შეეხება წლევანდელ გეგმებს, უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება და ახალი დანადგარების შესყიდვა, რაც იმას ემსახურება, რომ ჩვენი წარმადობა გაიზარდოს. წარმადობის გაზრდას თუ ვგეგმავთ, ვგეგმავთ ანუ ბაზრის წილის გაზრდასაც, ასევე ვაპირებთ, მოდერნიზაცია გავუკეთოთ არსებულ დანადგარებს. გვაქვს ასევე სხვადასხვა არაპირდაპირი ინვესტიციის გეგმები, რაც ემსახურება ჩვენი ხარჯების შემცირებას, რათა მაქსიმალურად ეფექტური გავხადოთ „საქკაბელის“ წარმოება. წლევანდელ გეგმებში შედის არასაკაბელო პროდუქციის რეალიზაციის ზრდაც. ჩვენ ვართ პარტნიორები „შნაიდერ ელექტრიკის“, რომელიც არის ერთ-ერთი ლიდერი არასაკაბელო პროდუქციის წარმოებაში. სწორედ ამ პროდუქციის გაშლას ვაპირებთ ჩვენს სადილერო არხებში. ვაპირებთ უფრო მეტი დილერის დამატებას და ზრდის საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ამაზე მუშაობს მთელი გუნდი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო, თითოეულ ჩვენს თანამშრომელს – ეს ადმინისტრაციური ოფისი იქნება, თუ თვითონ ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ, ისინი კომპანიის წარმატებას ქმნიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ათეული წლებია მუშაობენ ჩვენს ქარხანაში და სხვათა შორის, მათ საქმიანობას აგრძელებენ თავიანთი შვილები და შვილიშვილებიც. გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მივცეთ ჩვენი თანამშრომლების შთამომავლებს იმის შესაძლებლობა, რომ გააგრძელონ ჩვენს ქარხანაში მუშაობა და შექმნან ქართული პროდუქცია, რომლითაც ყველამ უნდა იამაყოს.