ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება ჭიანჭველების კოლონიებში შიდა კონფლიქტები და აგრესია გამოიწვიოს. ამის შესახებ წერს გამოცემა Vice, რომელიც მეცნიერთა ახალ კვლევას ეყრდნობა.
კვლევა მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ დაადგინეს, რომ ოზონი სწრაფად ანადგურებს ქიმიურ ნაერთებს, რომელთა დახმარებითაც ჭიანჭველები ერთმანეთის ამოცნობას ახერხებენ.
ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა ჭიანჭველების ექვსი სხვადასხვა სახეობა მოათავსეს ოზონის იმ კონცენტრაციაში, რომელიც ზაფხულში ხშირად ფიქსირდება დიდ ქალაქებში. მხოლოდ 20 წუთის შემდეგ ქიმიური ნიშნები თითქმის სრულად დაიშალა.

როდესაც მუშა ჭიანჭველები ასეთ პირობებში ყოფნის შემდეგ კოლონიაში ბრუნდებოდნენ, სხვა წევრები მათ ვერ ცნობდნენ. შედეგად, ექვსიდან ხუთ სახეობაში ეს დაუყოვნებლივ აგრესიას იწვევდა.
ზოგიერთ ექსპერიმენტში ქალაქის დონის ოზონმა შთამომავლობაზე ზრუნვის ქცევაც კი დაარღვია. მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურება შესაძლოა მნიშვნელოვნად მოქმედებდეს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებისა და მწერების სოციალურ ქცევაზეც.