იაპონიაში კიდევ ერთხელ ჩატარდა ცნობილი ტრადიციული „შიშველი ფესტივალი“, რომელსაც წელს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაესწრო. უძველესი რიტუალის ფარგლებში, თითქმის შიშველი მამაკაცები ერთმანეთს წმინდა თილისმების მოსაპოვებლად ეჯიბრებიან – რწმენის მიხედვით, მათი დაჭერა იღბალსა და კეთილდღეობას უკავშირდება.
გამოცემა Japan Today-ის ცნობით, ღონისძიების დროს ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. სამმა მონაწილემ გონება დაკარგა, ხოლო კიდევ სამი სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფესტივალი ტრადიციულად ქალაქ ოკაიამაში, ტაძრის ტერიტორიაზე იმართება. ცერემონია განწმენდის რიტუალით იწყება – მონაწილეებს ყინულივით ცივ წყალს გადაავლებენ. ამის შემდეგ ისინი თეთრ ტრადიციულ სახვევებს იხვევენ და ტაძრის მთავარ დარბაზში იყრიან თავს, სადაც ელოდებიან განსაკუთრებულ მომენტს: სასულიერო პირები ხალხში ორ წმინდა თილისმას – დაახლოებით 4×20 სანტიმეტრის ზომის ხის ჩხირებს, ისვრიან. სწორედ მათი დაჭერისთვის იწყება ყველაზე დაძაბული ბრძოლა.