ილონ მასკი მზადაა, „ტესლას“ აქციები გაყიდოს და ეს თანხა მსოფლიოში შიმშილთან ბრძოლას დაახარჯოს. ამის შესახებ მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა თავის „ტვიტერზე“ დაწერა. საქმე ისაა, რომ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა მილიარდერს ქველმოქმედებისკენ მოუწოდა და ისიც დააყოლა, რომ მსოფლიოში შიმშილობის დასასრულებლად მასკის ქონების 2%-იც საკმარისი იქნებოდა.
ამ განცხადებას ილონი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა. ის მზადაა, რომ „ტესლას“ აქციები გაყიდოს და 6 მილიარდი დოლარი შიმშილის პრობლემას მოახმაროს. თუმცა, მისი პირობით – ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რაში იხარჯება მილიარდები.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელეს, რადგან მისი ქონება 300 მილიარდს მიუახლოვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან Amazon-ის დამაარსებელს, ჯეფ ბეზოსსაც გადაუსწრო. ეს უკანასკნელი კი მდიდართა სიაში ლიდერობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა.