ინდოეთში 33 წლის ქალმა, ლავიკა გუპტამ, პოლიციას ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მიმართა და მეუღლე თაღლითობასა და ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას The Indian Express ავრცელებს.
გუპტას თქმით, საეჭვო ნიშნები ჯერ კიდევ ქორწინებამდე გაჩნდა. მისი განცხადებით, საქმროს ოჯახი განსაკუთრებულად დაჟინებით ითხოვდა მისი ოჯახისგან მანქანას მზითვის სახით და უარის შემთხვევაში ქორწილის გაუქმებით იმუქრებოდა. გარდა ამისა, ისინი ფინანსურ მოთხოვნებსაც აყენებდნენ.
ქალის განცხადებით, ქორწილამდე გააფრთხილეს, რომ მის მომავალ მეუღლეს, საიამ ჯაინს, თმის ცვენის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ცერემონიის დღეს მან აღმოაჩინა, რომ მამაკაცი სიმელოტეს ხელოვნური თმით მალავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ერთადერთი ტყუილი არ ყოფილა – გუპტას თქმით, ჯაინმა მას მოატყუა როგორც შემოსავალზე, ისე განათლებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ თავს ბაკალავრის ხარისხის მქონედ ასაღებდა, სინამდვილეში მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული.
ქორწინების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. ქალის განცხადებით, მეუღლე მას აშანტაჟებდა პირადი ფოტოებით, ხშირად მიმართავდა ფიზიკურ ძალადობას და ერთხელ იარაღითაც კი დაემუქრა. როდესაც გუპტა პოლიციაში წასვლას აპირებდა, მამაკაცი აშინებდა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდა და ქალს ცრუ ჩვენებისთვის დააპატიმრებდნენ.
მიუხედავად მუქარისა, ლავიკა გუპტამ დახმარების თხოვნა მაინც გადაწყვიტა და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ამ დროისთვის საქმეს პოლიცია იძიებს.