რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ დამფუძნებელი, თათა ლიჩელი და პიანისტი გიგი პიანომენი სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებსა და მასტერკლასებზე ისაუბრეს.
მოგვიყევით „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებზე“, როგორია უახლოესი გეგმები?
თათა: ჩვენ უკვე ჩავატარეთ კონცერტები თბილისში, რომლებმაც არაჩვეულებრივად, მართლა გადატენილი დარბაზებით ჩაიარა, რაც განსაკუთრებით მახარებს. ასევე, ჩავატარეთ კონცერტი თელავში, ვიყავით ზესტაფონში, სენაკში.
უახლოესი გეგმა გვაქვს ბათუმში, სადაც 29-30 სექტემბერს, გაგრძელდება ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების კონცერტების სერია. 29 სექტემბერს, მე ჩავატარებ მასტერკლასებს ახალგაზრდა პიანისტებისთვის და 30 სექტემბერს, გიგი ჩაატარებს სოლო კონცერტს, რომელსაც ვიცი, რომ ძალიან ელოდებიან ბათუმში. აღსანიშნავია, რომ დასწრება თავისუფალია.
გიგი, ძალიან დიდი ხანია, რაც ბათუმში შენს კონცერტს ელიან. როგორია კონცერტის პროგრამა?
გიგი: პროგრამა აუცილებლად არის ის, რისი მოლოდინიც აქვთ. მე არ მიყვარს, როცა ადამიანი უყვართ რაღაცის გამო და მერე, ის ისეთ რეპერტუარს სთავაზობთ, რაც მხოლოდ იმ მუსიკოსმა იცის. შესაბამისად, იქნება მართლა რჩეული, საყვარელი კომპოზიციები, იქნება ჩემი პიესებიც. 10 %-ს სიურპრიზად ვტოვებ. მთლიანობაში, ვპირდები მათ, რომ მთელი სულით, გულით იქნება ის ყველაფერი, რაც ყველას უყვარს, რაც ჩვენია და ძალიან ძვირფასია. დიდი მოლოდინი მაქვს და მართლა ძალიან მიხარია.
რამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდები ბათუმს?
გიგი: ბათუმში საერთოდ არ მქონია კონცერტი. მთავარი და სიმბოლური არის, რომ 2001 თუ 2002 წელს ვიყავი ბათუმში გიზის კლასთან ერთად, ამავე დარბაზში და რაც ყველაზე ძალიან მომხვდა გულზე, გიზის დაბადების დღე არის 30 სექტემბერს.
თათა: თენგიზ ამირეჯიბის სახელი ჩვენთვის განსაკუთრებულ სიყვარულთან და ღირებულებებთან არის დაკავშირებული.
ფესტივალის აქვს უმნიშვნელოვანესი არსი – ქართული მუსიკის პოპულარიზაცია…
თათა: რა თქმა უნდა და საქართველოში მცხოვრები მუსიკოსების თავმოყრა და გაერთიანება. წლების მანძილზე, ძალიან მინდოდა ამ პროექტის განხორციელება და მიხარია, რომ ჩემმა მეგობრებმა და არაჩვეულებრივმა მუსიკოსებმაც იმავე სითბოთი და შინაარსით აიტაცეს ეს სფესტივალი, როგორც ჩაფიქრებული მქონდა.
ჩვენი მხარდამჭერების დახმარებით, შესაძლებელი გახდა, რომ ეს პროექტი გაგვეზარდა, რაც გულისხმობს იმას, რომ თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, რეგიონებში ჩატარდა და კიდევ ჩატარდება კონცერტები.
აქვე, მინდა დავამატო, რომ საგანმანათლო, შემეცნებითი მიმართულებაც დაემატა ჩვენს ფესტივალს, რაც ძალიან მახარებს, თუნდაც ის მასტერკლასები, რაც ბათუმში ჩატარდება.
ბორჯომსა და ქუთაისში ქონცერტების გარდა, აუცილებლად შედგება შეხვედრები, საუბრები, მასტერკლასები ახალგაზრდებთან და რაც მთავარია, ეს ჟანრულად მრავალფეროვანი იქნება. ბორჯომსა და ქუთაისში დიდი შემადგენლობით ჩავალთ. ჟანრულად ეს საღამოები მოიცავს საფორტეპიანო, კამერულ, ვოკალურ მუსიკას.
უნდა აღვნიშნო ბორჯომი და „თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო კონკურსი“, რომელსაც უკვე წლებია, რაც იქ ვატარებთ. ძალიან დიდი, არნახული რაოდენობაა ბავშვების და ძალიან გახარებული ვარ. ასევე, კონკურსი გაწევრიანდა ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ფონდში, სადაც ერთიანდება ყველა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი და ამ ფონდში გაწევრიანებამ ძალიან კარგი საქმე გააკეთა, იმ მხრივ, რომ უფრო ფართო საზოგადოებას, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გააცნო ჩვენი კონკურსი და წელს, გვყავს მონაწილეები ჩინეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან… მართლა გაოგნებული ვარ, ამხელა კონკურსი არასდროს ყოფილა. ამ კონკურსის გახსნა ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებით გადავწყვიტეთ. წინასწარ არ მიყვარს ხოლმე საუბარი, მაგრამ მგონია, რომ ზღაპრული საღამო იქნება. საღამო ლიკანის ულამაზეს ტერიტორიაზე ტარდება, ისეთი მუსიკოსების მონაწილებით, ჩემთან ერთად, როგორებიც არიან – გიგი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზა რამიშვილი, ირაკლი ევსტაფიშვილი და გიორგი ხაინდრავა. მეორე დღეს, ეს შემადგენლობა „ბორჯომის მუსიკალურ სკოლაში“ შევხვდებით, ბავშვებს გავესაუბრებით და მასტერკლასებს ჩავატარებთ.
გიორგი: გერმანიაში რომ ვიყავი, ბეთჰოვენის სახლი მოვინახულე და ვიგრძენი, რა არის მუსიკოსი ქვეყნისთვის. კი, შეიძლება, ასეთი ადამიანები ერთხელ ჩნდებიან, მაგრამ ჩვენც გვყავს და გვყავდა ისეთი ადამიანები, რომელთა სახელიც ისე უნდა ავიტანოთ, რომ ვიღაც ჩამოვიდეს და რეზო ლაღიძის სახლში შესვლა მოინდომოს. აქამდე უნდა მივიდეს ქვეყანა და ჩვენც ამისთვის ჩვენი პატარა აგური უნდა დავდოთ.
რაც შეეხება ბორჯობს, ჩემთვის უკვე ოჯახი, ტრადიცია.