LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს – დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი წლის, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი კონსტიტუცია იდგება მყარად საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის სადარაჯოზე“

107
ირაკლი კობახიძე

„ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასახავს ხოლმე ქვეყნის მთავარ გამოწვევას, ნიშანდობლივია, რომ ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება პრემიერმა, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლი, როგორც წესი, ასახავს ხოლმე ქვეყნის მთავარ გამოწვევას. მაგალითად, გერმანიის კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება ადამიანის ღირსების ძირითად უფლებას, გამომდინარე განსაკუთრებული ისტორიული გამოცდილებიდან. ფაშისტურ გერმანიაში განსაკუთრებული გამოწვევა იყო ადამიანის ღირსების ტოტალური ხელყოფა და, სწორედ, ამ გამოცდილების გათვალისწინებით, გერმანელმა კანონმდებელმა 1949 წელს პირველ მუხლად განსაზღვრა ადამიანის ღირსების ძირითადი უფლება. ნიშანდობლივია ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს. პირველი მუხლი იწყება სიტყვებით – სახელმწიფო სუვერენიტეტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეფუძნება ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას, 70 წლის მანძილზე, ვიდრე მიიღებოდა 1995 წლის კონსტიტუცია და შემდეგ უკვე მისი დღევანდელი რედაქცია, ჩვენი უმთავრესი გამოწვევა იყო, ბუნებრივია, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პირველი მუხლი სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეასა და პრინციპს ეძღვნება. ეს გამოწვევა მთავარ გამოწვევად რჩება დღესაც და მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს კონსტიტუცია რჩება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მთავარ გარანტად. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ კონსტიტუციას, უნდა მოვუფრთხილდეთ სახელმწიფო სუვერენიტეტს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და იმედია, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი კონსტიტუცია იდგება მყარად საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. გილოცავთ ჩვენი კონსტიტუციის იუბილეს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

🔻⬇ 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on შაბათი, 23 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g