იტალიური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი სტატუსი მთელმა სამზარეულომ მიიღო. აქამდე არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდნენ მხოლოდ ცალკეულ პროდუქტებს ან მათთან დაკავშირებულ ტრადიციებს – მაგალითად, ჩრდილოეთ ხორვატიაში ღვეზელების დამზადებას, ფრანგულ ბაგეტს ან ბელგიის ლუდის კულტურას. სიახლის შესახებ CNN-ი წერს.
იუნესკოს განმარტებით, იტალიას ეს სტატუსი მიენიჭა ოჯახურ კულინარიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, რომელთა მთავარი პრინციპებია პროდუქტების სეზონურობა და რეგიონული თვითმყოფადობა.
იტალიაში საკვები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კვება – ის მჭიდროდ არის გადაჯაჭვული იტალიელების ყოველდღიურ ცხოვრებასთან. მეზობლებთან ერთად დაწურული ზეითუნის ზეთით დაწყებული, ბებიის სახლში გამართულ საკვირაო სადილებამდე, ეს აღიარება ადასტურებს იმას, რასაც ისტორიკოსები და შეფმზარეულები დიდი ხანია ამბობენ: იტალიური სამზარეულო არა იმდენად კერძების ნაკრებია, რამდენადაც ცოცხალი რიტუალი, რომელსაც თითოეული ადგილობრივი საზოგადოება აყალიბებს. იტალიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მიღებული სტატუსი იმ ვნებასაც მიაგებს პატივს, რომელსაც ქვეყნის მცხოვრებლები ყოველთვის დებენ საჭმლის მომზადებაში.

იუნესკოს გადაწყვეტილებას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს: იტალიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს სტატუსი დაეხმარება ავთენტური პროდუქტებისა და კერძების დაცვას ყალბი პროდუქციისგან. მსოფლიოში იყიდება ათასობით პროდუქტი, რომლებიც იტალიურად გამოიყურება, თუმცა რეალურად იტალიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.