LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან, ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა…“ – რას აცხადებენ შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი

108
ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპი

„განვიხილეთ, როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და ნამდვილ მშვიდობას“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე წერს.

ზელენსკი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს:

„გრძელი და არსებითი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ყველა ნამდვილად მნიშვნელოვან თემას შევეხეთ. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს, მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს. განვიხილეთ როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და ნამდვილ მშვიდობას. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ხალხი. ვაფასებთ ყურადღებას და მშვიდობის დასაახლოებლად დახმარებისთვის მზადყოფნას. დეტალები მოგვიანებით იქნება”, – წერს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმაც:

„კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან, ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპს ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, ასევე, განიხილებოდა თუ არა მათ შეხვედრაზე რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.

„არა, არა. უბრალოდ მინდოდა გამეგო როგორ არის. ის რეალურად ძალიან სასიამოვნო იყო. ზოგჯერ ცოტათი რთული პერიოდები გვქონდა. ძალიან სასიამოვნო იყო… შეხვედრიდან რაც გამოვიტანე – რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო – მას ამის [ომის] დასრულება სურს. ვფიქრობ, კარგი დროა დასასრულებლად.

ვაპირებ ვლადიმირ პუტინთან საუბარს, ვნახავ შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება…

კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან და ბევრი კარგი შეხვედრა მქონდა ბევრ კარგ ადამიანთან, დიად ლიდერებთან. ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა”, – განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე კიდევ გაავრცელა ინფორმაცია.

„დონალდ ტრამპთან ბრძოლის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ვისაუბრეთ, პუტინი ნამდვილად არ იგებს“ – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს, ევროპასაც შეუძლია დახმარება, ასევე, ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეხვედრაზე განიხილეს დრონების ერთად წარმოების პოტენციალი.

„კარგი შეხვედრა მქონდა ჰააგაში აშშ-ის პრეზიდენტთან.

პრეზიდენტ ტრამპს ახლო აღმოსავლეთში წარმატებული ოპერაცია მივულოცე. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ქმედებებმა დაასუსტა არა მხოლოდ მათი [ირანის] ბირთვული პროგრამა, არამედ, ასევე, მათი დრონების წარმოების შესაძლებლობები. გავაგრძელებთ ვითარებაზე დაკვირვებას.

პრეზიდენტთან ჩვენი ხალხის დაცვა განვიხილეთ – უპირველეს ყოვლისა, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა, რათა ჩვენი ქალაქები, ჩვენი ხალხი, ეკლესიები და ინფრასტრუქტურა დავიცვათ. უკრაინა მზად არის ეს აღჭურვილობა იყიდოს და მხარი დაუჭიროს იარაღის ამერიკელ მწარმოებლებს. ევროპას დახმარება შეუძლია. ასევე განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი. ერთმანეთის გაძლიერება შეგვიძლია.

პრეზიდენტს ასევე შევატყობინე როგორ წარიმართა სტამბოლში ჩვენი ტექნიკური გუნდების შეხვედრები, ისევე როგორც ტყვეებისა და გარდაცვლილების გაცვლები. რუსეთმა საკუთარი ჯარისკაცების ცხედრები გადმოგვცა. კიევში ამჟამად სასამართლო ექსპერტიზები მიმდინარეობს მათი ნათესავების დასადგენად.

ვისაუბრეთ ვითარებაზე ბრძოლის ხაზზე. პუტინი ნამდვილად არ იგებს. პრეზიდენტს ფაქტები წარვუდგინე რეალურად რა ხდება [ჩვენს] მიწაზე.

მადლობა შეხვედრისთვისა და თქვენი მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობელი ვარ ჩვენი ხალხის შესახებ ნამდვილად კეთილი სიტყვებისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას,” – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g