რატომ არ ჩართეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე? – ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება წინა დღეს შეცვალა.
“ხელისუფლება რთულ მდგომარეობაშია. ხშირად ცვლიან გადაწყვეტილებებს. აშკარაა იყო, რომ გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ჩართავდნენ სასამართლო პროცესზე და როდესაც საზოგადოება ნახავდა, რომ მისი მდგომარეობა სახარბიელო არ იყო, ეს უნდა გადაეფარათ გუშინ იუსტიციის მინისტრის მიერ დაანონსებული კადრებით, რომელშიც თითქოს უნდა გამოჩენილიყო, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო სიმულანტი.
ამის შემდეგ უფრო სერიოზულად დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ესეც მათ წინააღმდეგ იმუშავებდა, რადგანაც გუშინ ბრეგაძის პრესკონფერენციაზე წინააღმდეგობრივი ლოგიკა იყო გატარებული. საუბრობდა სიმულაციაზე, მაგრამ მეორე მხრივ, ირიბად ადასტურებდა რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინც და მაინც კარგი არ იყო.
თუ მისი მდგომარეობა ცუდია და ხელისუფლებას აქვს კადრები, თუნდაც საბოტირების რეჟიმში როგორ აყენებს ის საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს, ნიშნავს, რომ ხელისუფალი ხედავს, როგორ მძიმდება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი პაციენტი და არაფერს არ აკეთებს. ეს უკვე კვალიფიცირდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ბრეგაძის ლოგიკით გამოდის, რომ თვითონ ჩადის დანაშაულს სააკაშვილის მიმართ, როდესაც მშვიდად ადევნებს თვალყურს ადამიანი როგორ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს. მათ დაინახეს, რომ თუ ისინი ამ სცენარს გაჰყვებოდნენ, ეს იქნებოდა პენიტენციარული სისტემის ბრალეულობის დადასტურება. ამიტომ, გადაწყვეტილება შეცვალეს და მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ გამოაჩინეს.
ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებები. მოსამართლემაც რა ქნას, ხელისუფლებისგან მოწოდებული სუფლიორი გაუფუჭდა და დაიბნა, არ იცოდა რა ექნა, ადგა და გადადო. ეს კი ცალკე უბედურებაა. როგორც ჩანს, ხელისუფლება იმდენად დაიბნა, რომ ინსტრუქცია არ მისცა მოსამართლეს რა უნდა ექნა”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სააკაშვილს სურდა დღევანდელ პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩართვა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა ამაზე უარი განაცხადა. სამსახურის წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ ტექნიკურად ამ ეტაპზე ეს შესაძლებელი არ იყო.
