LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის სააგენტო საქართველოში ფარმაციის და საავტომობილო საწვავის ბაზრებს იკვლევს – შედეგები მალე დაიდება

85
benzini-da-tsamali-w-h

4 და 5 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სემინარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ორგანიზებით იმართება. ღონისძიება გახსნა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა; სემეკის  თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ; ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ; დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა; AA Facility-ის პროექტის ხელმძღვანელმა, იოლანტა ტაჩინსკამ  და სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.

„მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით, მათი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, რამაც აღმოფხვრა ტექნიკური და სამართლებრივი ხარვეზები, გააუმჯობესა აღსრულების მექანიზმები. კონკურენციის კანონმდებლობა უფრო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიეცა კანონით მეტი ბერკეტი შექმნას ჯანსაღი კონკურეტული ბიზნეს გარემო”, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა.

„ფაქტობრივად, კონკურენციის პოლიტიკა გულისხმობს ისეთი წესების განსაზღვრასა და გამოყენებას, რომლებიც ბიზნესებსა და კომპანიებს შორის სამართლიან კონკურენციას უწყობს ხელს. ამგვარად, კონკურენციის პოლიტიკის მიზანია, ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის დაცვა, რათა უზრუნველყოს დაბალი ფასები; უკეთესი ხარისხის საქონელი და მომსახურება; პროდუქტების ფართო არჩევანი და საწარმოების მიერ წარმოების ეფექტურობისა და ინოვაციების სტიმულირება“, – განაცხადა შეხვედრისას იოლანტა ტაჩინსკამ.

ირაკლი ლექვინაძემ, 2020 წლის 4 ნოემბრიდან – 2021 4 ნოემბრამდე, კონკურენციის კანონმდებლობაში დამტკიცებული ცვლილებების მიღებიდან – დღემდე დასრულებული და მიმდინარე საქმეების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა.

“ბიზნესისა და იურიდიული კომპანიების, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის,  კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, ჩვენ, ერთი წლის განმავლობაში მიღებულ შედეგებს მიმოვიხილავთ. საანგარიშო პერიოდში, დავასრულეთ 3 მოკვლევა. ერთი საკითხი ეხებოდა უფასო სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე კომპანიების მხრიდან სავარაუდო შეთანხმების ფაქტს. მოპასუხე ოთხ ეკონომიკურ აგენტს დარღვევა დაუდასტურდა და დაეკისრათ სანქცია. მეორე ქეისი შეეხებოდა ტურისტულ სექტორში მოქმედი ორი კომპანიის დავას, სადაც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. და მესამე –  საყოფაცხოვრებო და სხვადასხვა ტექნიკის ვაჭრობის სფეროში მოქმედი კომპანიების საქმე, სადაც  არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადასტურდა – გავეცით შესაბამისი რეკომენდაცია. მიმდინარე რეჟიმშია, 3 საქმის შესწავლის პროცესი.

განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, შევისწავლეთ სულ 16 552 კონცენტრაცია. აღნიშნულ პერიოდში, წასახემსებელი პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობებს შორის დაგეგმილ კონცენტრაციაზე გავეცით ნებართვა, ხოლო შეტყობინების წარმოუდგენლობის გამო, საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ტექნიკით ვაჭრობა/მონტაჟის სფეროში, მოქმედი ეკონომიკურ აგენტი 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ამჟამადაც საქმისწარმოება მიმდინარეობს.

2021 წელს, უზენაეს სასამართლოში, სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა 2 სასამართლო დავა და კანონიერ ძალაში შევიდა კონკურენციის უწყების გადაწყვეტილება. მიმდინარე წელს სააგენტომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება დაიწო, დღევანდელ შეხვედრაზე კანონის ძირითად მიმართულებბზეც გვექნება მსჯელობა. მადლობა ევროკავშირის პროექტს დღევანდელი შეხვედრის მხარდაჭერისთვის. AA Facility-ის მხარდაჭერით, 6 ნოემბერს, კახეთში – რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, კონკურენციისა და ანტი-დემპინგური კანონმდებლობის განხილვას, ტრენინგების პირველ ეტაპს ვიწყებთ“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, მიმდინარე წელს უწყებამ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების მონიტორინგი დაასრულა. მიმდინარე რეჟიმშია ფარმაციის და საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგები.

„ფარმაციის ბაზრის მონიტორინგს რაც შეეხება – ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის. მონიტორინგის ფარგლებში ფასდება – კომპანიების პოზიციები ბაზარზე და ბაზრის არსებული სტრუქტურის – ჰოლდინგური სისტემების გავლენა ფასწარმოქმნაზე. წლის ბოლოს წარმოდგენილი იქნება ჩვენი რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და ბაზრის ეფექტური რეგულირების  მექანიზმებს. უწყების საქმიანობის პროცესში თქვენი ჩართულობა და თანამონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მიზანია მხარეთა ინტერესების მაქსიმალური გაზიარება და სამართლიანი კონკურენციის გარემოს უზრუნველყოფა“,  – განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და მონაწილეებს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საავტომობილო საწვავის ბაზრის 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდის შუალედური ანგარიშის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებიან:  საქართველოს პარლამენტის,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის,  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის,  ეროვნული ბანკისა და  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წევრები. იურიდიული, საკონსულტაციო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ახალი სტრუქტურული მოწყობა, უწყების უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები, კონკურენციის კანონის აღსრულება ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, სასამართლოს როლი კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, კონცენტრაციების კონტროლის პროცედურა, კონკურენციის სააგენტოს მიერ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g