კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მან სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი გოგონას ოჯახს. მისი თქმით, როდესაც დიაგნოზი დაისვა, თავიდან გოგონას ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია და მინდა, თანგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ. ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია ეს ამბავი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ დილიდან დაიწყო სრულიად მოკვლევა იმ ყველა ეტაპის, რა ეტაპიც გაიარა პაციენტმა. ყველა ეტაპზე მოხდება დეტალური ანალიზი იმ მიმდინარე პროცესის, რომელიც იქნა გაწეული. კლინიკური აუდიტის ჯგუფი სამინისტროში მუშაობს გარდაცვალების შემთხვევების თაობაზე და რა თქმა უნდა, ეს ფაქტი განსაკუთრებული ყურადღებით და უმოკლეს ვადაში იქნება შესწავლილი.
„როდესაც დიაგნოზი დაისვა, თავიდან გოგონას ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია. ამის შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა კოვიდსასტუმროში. კოვიდსასტუმროდან გადაყვანილ იქნა კლინიკური კვლევებისთვის. მდგომარეობა თავდაპირველად იყო სტაბილური, შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა კლინიკური კვლევებისთვის და როდესაც დაბრუნდა ისევ კოვიდსასტუმროში მდგომარეობა დამძიმდა სწრაფად. მაშინვე მოხდა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია და იქ რამდენიმე დღე დაყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, შემდეგ დადგა ეს გამოსავალი”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსით 19 წლის ახალგაზრდა გერმანულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა შეყვანისას უკვე მძიმე იყო. გოგონას ანამნეზში შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
