29 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკის „ახალი სიცოცხლის“ დირექტორი ეკა იაშვილი და ამავე კლინიკის ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თეკლა ყანდინაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც კლინიკის უპირატესობებზე და მის მიღწევებზე, ასევე სიმსუქნის მკურნალობის მეტად პოპულარულ მეთოდებზე – კუჭის ენდოსკოპიურ ბალონირებისა და კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსის მეთოდებზე ისაუბრეს.
– ქალბატონო ეკა, მართალია, ყველა კარგად იცნობს თქვენს კლინიკას, მაგრამ თავად როგორ წარუდგენთ საზოგადოებას „ახალ სიცოცხლეს“?
– ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“, რომელმაც მისამართი შეიცვალა და ლუბლიანას ქუჩიდან გივი ჟვანიას #7-ში გავიდა, რამდენიმე დღის წინ გახდა ხარისხის მართვის გერმანული აკრედიტაციის მფლობელი. გერმანელმა ექსპერტებმა ერთხმად დაგვიდასტურეს, რომ სამედიცინო პროცესების მართვის, ექიმთა კვალიფიკაციის, პაციენტთა უსაფრთხოების და მათთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ჩვენი კლინიკა სრულად შეესაბამება გერმანულ სტანდარტებს. უზარმაზარი შრომა გავწიეთ ამგვარი შედეგის მისაღებად, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლინიკის მედპერსონალს, ყველა ექიმს და ექთანს.
– კონკრეტულად რა ტიპის მომსახურებას და რა სიახლეს სთავაზობს „ახალი სიცოცხლე“ პაციენტებს?
– ჩვენი კლინიკა ორ – ამბულატორიულ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტად იყოფა. რა თქმა უნდა, უმთავრესი ამბულატორიული დეპარტამენტია, რადგან სწორედ იქაა განთავსებული საკვლევი მასალის მთელი არსენალი – აპარატურით დაწყებული, მაღალკვალიფიციური მედიკოსებით დასრულებული, რაც თავის მხრივ, სწორი დიაგნოზის მთავარი საწინდარია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკა იმ ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რომლითაც წამყვანი ქვეყნების კლინიკები სარგებლობენ. განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო ენდოსკოპიაზე. „ახალი სიცოცხლე“ იმ უახლესი თაობის ენდოსკოპიური აპარატურის მფლობელია, რომლის წყალობით არა მხოლოდ ყველასთვის კარგად ნაცნობი კოლონოსკოპიის, გასტროსკოპიის და ბრონქოსკოპიის, არამედ კუჭის ენდოსკოპიური ბალონირების ჩატარებაც შეიძლება ჭარბწონიანი პაციენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამგვარმა პროცედურამ ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რადგან უკვე 600-ზე მეტ მსურველს შევთავაზეთ ჩვენი მომსახურება.
– კომპანია „ავერსი“, რომლის შემადგენლობაშია ქირურგიის ეროვნული ცენტრი და თქვენი კლინიკა, ყოველთვის უახლეს ტექნოლოგიებზე აკეთებს აქცენტს. რამდენად მნიშვნელოვანია კლინიკის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ „ავერსის“ სახელით საქმიანობა ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს, რადგან თავად კომპანია ხასიათდება იშვიათი პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერებით. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით აღიჭურვა ჩვენი კლინიკა საუკეთესო აპარატურით, მათ შორის, უახლესი თაობის ექოსკოპებით, კომპიუტერული, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფებითა და ციფრული მამოგრაფით. მართალია, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი რამდენიმე თვის წინ შევიძინეთ, მაგრამ 3 ათასამდე კვლევის ჩატარება უკვე მოვასწარით.
– რა სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება თქვენს კლინიკაში?
– კლინიკა დიდ ხანია ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომელიც მართლაც უზარმაზარი შეღავათია პაციენტებისთვის. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს ყელის, პროსტატის და კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამებში, რომლებითაც თბილისელებთან ერთად რეგიონების მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს. გვაქვს ანტენატალური პროგრამა ორსულთათვის და დიაბეტის პროგრამა 18 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ პროგრამა, რომლითაც დიაბეტიანი პაციენტები წელიწადში ერთხელ სარგებლობენ უფასოდ, 9 ანალიზის ლაბორატორიულ კვლევას და 5 სპეციალისტის მომსახურებას ითვალისწინებს.
– რამდენად პრიორიტეტულია კლინიკის ხელმძღვანელობისთვის კადრების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება?
– რა თქმა უნდა, უახლესი ტექნოლოგიების შეძენა ფუფუნებაა, მაგრამ კვალიფიციური კადრების გარეშე მათ ფლობას აზრი არ აქვს, ამიტომ ჩვენი პერსონალი, რომელიც ყოველთვის მოქნილი და პაციენტისთვის მაქსიმალურად მოხერხებული სერვისის მიწოდებაზეა ორიენტირებული, საკუთარი ინიციატივით გადის გადამზადების კურსს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კლინიკებში.
– ქალბატონო თეკლა, რას ნიშნავს სიმსუქნის დიაგნოზი და რას გულისხმობს კუჭის ენდოსკოპიური ბალონირების ანუ ჭარბი წონის მკურნალობის უახლესი მეთოდი?
– სიმსუქნე – ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში და მალე, ალბათ ეპიდემიად გადაიქცევა. სიმსუქნე მეტწილად შაქრიან დიაბეტთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ასოცირდება, ამიტომ მისი პროგრესირება მნიშვნელოვნად ზრდის სიკვდილიანობის რისკს. სიმსუქნის დიაგნოზირება იმ შემთხვევაში ხდება, თუ ადამიანის სხეულის მასის ინდექსი 30-ს აჭარბებს. აქვე განვმარტავ, რომ სხეულის მასის ინდექსის დადგენა ადამიანის წონისა და სიმაღლის შეფარდება ხორციელდება. მართალია, სიმსუქნესთან ბრძოლის უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ სწორ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს მაინც არ აქვს ალტერნატივა. ჩვენს კლინიკაში სიმსუქნის მკურნალობის ყველა მეთოდი აქტიურად გამოიყენება კუჭის ბარიარტრიული ოპერაციის, კუჭის ენდოსკოპიური ბალონირების, კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსისა და მედიკამენტური მკურნალობის ჩათვლით.
კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება – ნაკლებინვაზიური, არაქირურგიული პროცედურაა, რომლის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია, ვისი სხეულის მასის ინდექსი 27-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მასის ინდექსი 27-დან 30-მდე ჭარბ წონად, 30-ის ზევით კი – სიმსუქნედ ითვლება. პროცედურა იმ ჭარბწონიანი პაციენტებისთვისაც რეკომენდირებულია, ვისაც სიმსუქნისგან და მასთან ასოცირებული დაავადებებისგან სურს თავის დაცვა. პროცედურა, რომელიც პირის ღრუსა და საყლაპავის გავლით კუჭში ბალონის მოთავსებას გულისხმობს, ზოგადი ნარკოზით კეთდება და მაქსიმუმ 20-30 წუთი გრძელდება. ბალონი, იბერება და კუჭის დიდ ნაწილს იკავებს, რაც მადის დაქვეითებას და ულუფების შემცირებას უწყობს ხელს, პაციენტი უბრალოდ ვეღარ ჭამს ზედმეტს, რადგან კუჭი ბალონით აქვს შევსებული.
წონის დაკლების კიდევ ერთი საშუალებაა კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი, რომელიც ენდოსკოპის საშუალებით ბოტულოტოქსინის ინიექციას გულისხმობს. ამგვარი მეთოდის წყალობით საკვები უფრო დიდხანს რჩება კუჭში და ითრგუნება შიმშილის ჰორმონები, პაციენტს კი, უქვეითდება მადა და იკლებს წონაში.
– რამდენად რთულია რეაბილიტაცია ამგვარი პროცედურების შემდეგ?
– პაციენტს პრაქტიკულად არ სჭირდება რეაბილიტაცია, რადგან პროცედურის შემდეგ რამდენიმე საათში ტოვებს კლინიკას, მეორე დღეს კი, დაქვეითებული მადით უბრუნდება ჩვეული ცხოვრების წესს, ამიტომ პრაქტიკულად მეორე დღიდანვე იწყებს წონაში კლებას.
– რამდენად აუცილებელია ამგვარი პროცედურის კონტროლი სხვადასხვა პროფილის მედიკოსების მიერ?
– ჩვენთან მოსული პაციენტის მდგომარეობას პირველ რიგში, ენდოკრინოლოგ- ნუტრიციოლოგი აფასებს, რომელიც მის ცხოვრების წესს, კვების რეჟიმს აზუსტებს ინდივიდუალური რეჟიმისა და დატვირთვის შესარჩევად. მოგვიანებით, ტარდება კვლევა შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების და იმ დაავადებების გამოსარიცხად, რომლებიც წონაში კლებას აფერხებენ ან პირიქით, ხელს უწყობენ მის მატებას. ამგვარი დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში პარალელურად ხდება მათი მკურნალობა. მართალია, პროცედურას არ აქვს უკუჩვენება, მაგრამ მაინც აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობის შეფასება და კუჭის წყლულოვანი დაავადებები დადგენა, გარდა ამისა, პროცედურის შემდეგ პაციენტმა სისტემატურად უნდა გაიაროს კონსულტაცია ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგთან.
– ამ პროცედურების გარდა კიდევ რას სთავაზობს თქვენი კლინიკა ჭარბწონიან პაციენტებს?
– ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია კვების რეჟიმის ანუ დიეტის შერჩევა, სიმსუქნის მართვის მეთოდების შერჩევა, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მისი სხვადასხვა გზით მკურნალობა.