ჰაიდერ მალიკმა საბანკო საქმესა და ფინანსებში ბაკალავრის ხარისხი აიღო და გადაწყვიტა სამსახურის მოსაძებნად უჩვეულო გზისთვის მიემართა.
24 წლის ახალგაზრდა ლონდონის ერთ-ერთ ბიზნეს უბანში მივიდა და დიდი ტაბლო მიიტანა. ტაბლოზე მისი რეზიუმეს, კონტაქტებისა და სოციალური ქსელების პროფილის QR-კოდები იყო დატანილი. გარდა ამისა, კურსდამთავრებულს თან ჰქონდა CV-ებიც და ყველა მსურველს ურიგებდა.
მალიკის განცხადებით, თავიდან ის გარკვეულ უხერხულობას გრძნობდა, შემდეგ გათამამდა, გამვლელებს სასიამოვნო დღეს უსურვებდა და რეზიუმესაც აძლევდა.
სულ რაღაც 3 საათში ის პირველ გასაუბრებაზე მიიწვიეს და შემდეგ კიდევ რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდა. შედეგად, მალიკმა თავისი სპეციალობით პრესტიჟულ კომპანიაში იპოვა სამსახური.
აღსანიშნავია, რომ სანამ ქუჩაში გამოვიდოდა, კურსდამთავრებულს რამდენიმე გასაუბრება ონლაინ-ფორმატში ჰქონდა და ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ვიდეო ინტერვიუს დროს ადამიანს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა არ შეუძლია.