„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე ორ პირს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა დანის გამოყენებით მეორე პირს მუცლის არეში მიაყენა დაზიანება. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად ეჭვმიტანილმაც.
„პოლიციის მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები.
ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გრძელდება“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.